გეოგრაფიისა და უცხოური ენების გამოცდებთან დაკავშირებით მასწავლებლებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება
გეოგრაფიისა და უცხოური ენების გამოცდებთან დაკავშირებით მასწავლებლებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 10 ივნისს, 13:00 საათზე მასწავლებლებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, შეხვედრა გეოგრაფიისა და უცხოური ენების გამოცდებს დაეთმობა, რომელშიც მონაწილეობის მიღება დაინტერესებულ პირებს Microsoft Teams-ის ბმულის საშუალებით ექნებათ.

მონაწილეები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ საგამოცდო პროგრამების, ტესტების სტრუქტურის, შეფასების კრიტერიუმებისა და დავალებების სპეციფიკის შესახებ. აპლიკანტებს შესაძლებლობა ექნებათ, წერილობით დასვან შეკითხვები და ცენტრის წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღონ.

ონლაინ საინფორმაციო შეხვედრას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის მიმართულების კოორდინატორი ეთერ ნებიერიძე და სახელმწიფო და უცხო ენათა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგამოცდო ტესტების შემუშავებისა და შეფასების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე რუსუდან ტყემალაძე გაუძღვებიან.