გენგეგმა - აკადემქალაქის ტერიტორია თბილისის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული არეალია
გენგეგმა - აკადემქალაქის ტერიტორია თბილისის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული არეალია

თბილისში, აკადემქალაქის ტერიტორიაზე, სპორტის სასახლისა და ტექნიკური უნივერსიტეტის შენობების მიმდებარედ, უკანასკნელ პერიოდში, განვითარება ერთიანი გააზრებისა და შესაბამისი პროექტის გარეშე წარიმართა, – ამის შესახებ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაშია აღნიშნული.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, დღესდღეობით, მოცემული არეალი ქალაქის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიას წარმოადგეს, რომლის ფარგლებშიც უგულებელყოფილია სამოსახლეო აუცილებლობები და მომსახურეობითი საჭიროებები, როგორც საინჟინრო და სატრანსპორტო, ასევე სოციალური და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის მხრივ. სივრცის გადატვრთულობა კი, უარყოფითად აისახება, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე,  ასევე მიმდებარე საქალაქო სტრუქტურების ოპერირებაზე.

როგორც გენგეგმაშია აღნიშნული, ტერიტორია დღესაც დიდი რაოდენობით იზიდავს დეველოპერებსა და სამშენებლო საქმიანობით დაინტერესებულ პირებს. მოცემულ არეალში საცხოვრებელი სიმჭიდროვე კი, ორჯერ აღემატება ქალაქის საშუალო მაჩვენებელს და მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით  მისი შემდგომი ზრდაა მოსალოდნელი.

გენერალური გეგმის თანახმად, აუცილებელია ერთიანი ჩარჩო პირობების შემუშავება, რომელიც ტერიტორიაზე ჭარბი სამოსახლო სიმჭიდროვის ეფექტების შემცირებას, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და სარეკრეაციო სივრცეების შექმნა-განვითარებას შეუწყობს ხელს.