გენერალურმა პროკურატურამ 20-21 ივნისის აქციის დროს დაშავებული გიორგი სულაშვილი დაზარალებულად ცნო
გენერალურმა პროკურატურამ 20-21 ივნისის აქციის დროს დაშავებული გიორგი სულაშვილი დაზარალებულად ცნო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 20-21 ივნისის აქციის დროს დაშავებული გიორგი სულაშვილი დაზარალებულად ცნო.

ამის შესახებ აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

„2019 წლის 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების და შესაძლო დანაშაულებრივ ეპიზოდებთან დაკავშირებით დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, დაზარალებულად იქნა ცნობილი გიორგი სულაშვილი.

გამოძიების ფარგლებში ჩატარებულია ასობით საგამოძიებო მოქმედება – გამოკითხულია 700-ზე მეტი პირი, მათ შორის სამართალდამცავები. გამოკვლეულია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების ამსახველი შესაბამისი ვიდეომასალა. დანიშნულია ექსპერტიზები. რაც შეეხება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა პირების დაზარალებულად ცნობის საკითხს, საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება, რის შესახებაც საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.