გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოს კიდევ ორი კანდიდატი წარედგინა
საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კიდევ ორი კანდიდატი წარედგინა.
გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ იურისტი ვალერიან ვაჭარაძე იურიდიულმა კომპანიამ „ჯეი ემ ჯი და პარტნიორები“ წარადგინა. იურისტმა მერაბ გამყრელიძემ კი საპროკურორო საბჭოს პირადად მიმართა საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით.
„დღეისთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის შვიდი კანდიდატია წარმოდგენილი. წარდგენილი კანდიდატების ვინაობა საჯაროა და მონაცემები საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე http://pc.gov.ge აიტვირთება“, – აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.
უწყების ცნობით, კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა გრძელდება 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით.
საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ხუთი კანდიდატი გუშინ წარედგინა.