გენერალურ პროკურატურაში საბოტაჟის მცდელობის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე ლევან ნიკოლეიშვილი იკითხება
გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც საბოტაჟის მცდელობის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლით მიმდინარეობს, „ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი იკითხება.
დაკითხვამდე ნიკოლეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ უცხოური დონორი ორგანიზაციები, მათ შორის USAID-ი, საქართველოში აფინანსებდნენ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას და ქვეყნის სტაბილურობისა და სიმშვიდის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს. მისივე თქმით, ხელთ აქვთ მტკიცებულებები, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა საჯარო განცხადებები, ასევე, მათ მიერ არასაჯარო წყაროებიდან მოპოვებული დოკუმენტაცია, რომლებიც, მისი თქმით, ამტკიცებს დესტაბილიზაციის უცხოური დონორების მხრიდან დაფინანსებას.
ლევან ნიკოლეიშვილმა, USAID-ის გარდა, არ დააკონკრეტა სხვა დამფინანსებელი ორგანიზაციები, არც ის ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც, მისივე თქმით, სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდნენ. ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, რომ მტკიცებულებების გასაჯაროებით გამოძიებას ხელს შეუშლის. იგი არცერთ კონკრეტულ მტკიცებულებას არ ასაჯაროებს.
„მტკიცებულებებს ვერ წარგიდგენთ, არ მინდა, რომ გამოძიების ინტერესებს ხელი შეეშალოს და საფრთხის ქვეშ დავაყენოთ ის საკითხები, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს. ბევრი მტკიცებულებები გვაქვს. რომელი ორგანიზაციები ან პოლიტიკური პარტიები აპირებდნენ ამის გაკეთებას, დიდი გამოცანა არ სჭირდება, ყოველდღიურად ვხედავთ ამ ფაქტებს ტელევიზიით და სხვადასხვა მედიასაშუალებით. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს რყევები, რომლებიც არის სახელმწიფოს სტაბილურობის და სიმშვიდის წინააღმდეგ.
ვხედავთ მაგალითებს, რა მოხდა უკრაინაში, რატომ მოხდა, როგორ მოხდა. ეს რომ არ იქნა დაშვებული საქართველოში, ძალიან კარგია, მაგრამ რომ იყო გარკვეული ქმედებები ამ მიმართულებით, ეს აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული. იმ ძალებმა, რომელთა მიზანი იყო, ქვეყანაში სულ სხვა სცენარი გათამაშებულიყო, კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი. მტკიცებულებები არსებობს, არ იმალება. აშშ-ში განხორციელებულმა ცვლილებებმა და USAID-ის წინააღმდეგ მიმართულმა ქმედებებმა გამოავლინეს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგ მოქმედებები. ჩვენ ეს მტკიცებულებებიც ამოვიღეთ, ღია გახდა უკვე ეს დაფინანსებები და დამალული აღარაა“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
გამოძიება გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში 8 თებერვალს „ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე დაიწო. საბოტაჟის დამამძიმებელ გარემოებაში, საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლები, რითიც გამოძიება მიმდინარეობს 5-დან 10 წლამდე და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, ამ საქმეზე ჯერ მხოლოდ „ნეიტრალური საქართველოს“ წევრები იკითხებიან. უკვე გამოიკითხნენ ნანა კაკაბაძე და ვატო შაქარიშვილი.