გენერალი კურტის სკაპაროტი - EUCOM-ი მზადაა, საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატო-სთან თავსებადობას მომავალშიც აქტიურად შეუწყოს ხელი
გენერალი კურტის სკაპაროტი - EUCOM-ი მზადაა, საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატო-სთან თავსებადობას მომავალშიც აქტიურად შეუწყოს ხელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა, ნატო-ს მოკავშირე ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, გენერალმა კურტის სკაპაროტიმ დღევანდელ შეხვედრაზე საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, ნატო-ს მომავალი სამიტი ბრიუსელში და ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა მასშტაბური და ამბიციური პროექტის – თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელების მხარდაჭერისთვის, რომელიც დღეიდან დაიწყება და 3 წლის განმავლობაში, ჯამში, 9 სამანევრო ბატალიონის გაწვრთნას ითვალისწინებს. დღესვე გაიმართება ნატო-ს სტანდარტების საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) გახსნის ცერემონია, რომელიც ამავე პროგრამის ფარგლებში ვაზიანის ბაზაზე აშენდა.

შეხვედრისას გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ნატო-ში გაწევრიანება ქვეყნის როგორც საგარეო, ისე უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი და საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნების გამოხატულებაა. მისივე თქმით, ქვეყნის რეფორმები და წინსვლა დაფუძნებულია ნატო-ს და ევროკავშირის მიერ აღიარებულ ფასეულობებზე, სტანდარტებსა და კრიტერიუმებზე.

ამერიკელმა გენერალმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია დემოკრატიული განვითარების, შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზების კუთხით და დაადასტურა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა ჩრდილოატლანტიკურ ალიანში გაწევრიანების გზაზე, აგრეთვე აღნიშნა, რომ EUCOM-ი მზადაა, საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადებასა და ნატო-სთან თავსებადობას მომავალშიც აქტიურად შეუწყოს ხელი.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში ქვეყნის მიერ შეტანილ წვლილზე, განსაკუთრებით ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობის მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ნატო საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ, თავსებად და საიმედო პარტნიორად მიიჩნევს; ითქვა, რომ აშშ-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობები მდგრადი და საიმედო თავდაცვის შესაძლებლობების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. ყურადღება გამახვილდა ნატო-ს აქტიურ როლზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და საქართველოს მზაობაზე, საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში.

პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ნატო-ს მომავალ სამიტზე, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში ბრიუსელში ჩატარდება, პარტნიორები სათანადოდ შეაფასებენ და ასახავენ საქართველოს პროგრესს – როგორც დემოკრატიული განვითარების, ისე ნატო-სთან ინტეგრაციის კუთხით და მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს ნატო-საქართველოს შორის პრაქტიკულ თანამშრომლობას.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი და აშშ-ის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.