გენერალი ბენ ჰოჯესი - ჩვენ უნდა გავუგზავნოთ საქართველოს მოწვევა, რომ დაუყოვნებლივ გახდეს ნატო-ს წევრი
გენერალი ბენ ჰოჯესი - ჩვენ უნდა გავუგზავნოთ საქართველოს მოწვევა, რომ დაუყოვნებლივ გახდეს ნატო-ს წევრი

ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების სახმელეთო ჯარების ყოფილი მთავარსარდალი, გენერალი ბენ ჰოჯესი „eu observer“- ში წერილს აქვეყნებს, სადაც მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს და ასევე აცხადებს, რომ ნატო-მ დაუყონებლივ უნდა გაუგზავნოს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის მოწვევა.

ჰოჯესის თქმით, დიპლომატები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრას 1993 წლიდან ცდილობდნენ, თუმცა „ამერიკის, ასევე საფრანგეთისა და დანარჩენი ევროპის მთავრობებმა ბოლო კვირების განმავლობაში მოიკოჭლეს, ამის საფასურს კი ახლა მთიანი ყარაბაღის ხალხი იხდის“.

ჰოჯესის შეფასებით, სამხრეთ კავკასია დასავლეთის უმეტეს ქვეყნებს დიდი ხნის განმავლობაში მივიწყებული ჰყავს.

„მოდით, ჩამოვაყალიბოთ ახალი, ძლიერი ურთიერთობა სომხეთთან და აზერბაიჯანთან, გავაძლიეროთ ჩვენი დიდი ხნის ალიანსი თურქეთთან და გავაძლიეროთ ჩვენი ყოფნა საქართველოში, ამერიკის საჰაერო და საზღვაო ძალების ინფრასტრუქტურის ჩათვლით. ჩვენ ასევე უნდა გავუგზავნოთ საქართველოს მოწვევა, რომ დაუყოვნებლივ გახდეს ნატო-ს წევრი. ეს გზავნილები კრემლისთვის იმის ნიშანი იქნება, რომ ეს რეგიონი ჩვენს სტრატეგიულ ინტერესშია“, – აცხადებს ჰოჯესი.

მისი თქმით, ასევე აუცილებელია ნატო-თურქეთსა და ამერიკა-თურქეთს შორის ურთიერთობების განახლება.