გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის შემდეგ ბრიტანეთი მხარეებს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს
გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის შემდეგ ბრიტანეთი მხარეებს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს

გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის შემდეგ დიდი ბრიტანეთი მხარეებს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დომინიკ რაბის განმარტებით, ლონდონი „ქუდსის ძალების“ მხრიდან მომდინარე საფრთხეს ყოველთვის აღიარებდა.

„ჩვენ ყოველთვის ვაღიარებდით ყასემ სოლეიმანის ხელმძღვანელობით არსებული ირანული „ქუდსის ძალების“ აგრესიულ საფრთხეს. ყველა მხარეს დეესკალაციისკენ მოვუწოდებთ. კონფლიქტი არავის ინტერესებში არ შედის“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აშშ-ის უპილოტო საფრენმა აპარატმა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეციალური ელიტური ქვედანაყოფის, „ქუდსის ძალების“ ლიდერის ავტომობილი ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე დაბომბა. გენერალი ყასემ სოლეიმანი ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის მოადგილის თანამდებობას იკავებდა და ერთ-ერთ გავლენიან გენერლად იყო ცნობილი.

ირანელ გენერალზე თავდასხმა ბაღდადში, აშშ-ის საელჩოში დემონსტრანტების შეჭრის შემდეგ მოხდა. პენტაგონში ამტკიცებენ, რომ საელჩოზე თავდასხმის ბრძანება სწორედ გენერალმა ყასემ სოლეიმანიმ გასცა.