გენდერულ საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ ევროკავშირთან ერთად ახალი პროექტი დაიწყო
გენდერულ საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ ევროკავშირთან ერთად ახალი პროექტი დაიწყო

გენდერულ საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ ევროკავშირთან ერთად ახალი პროექტი დაიწყო. პროექტი 2019 წლის მაისში დასრულდება და იგი ძირითადად საქართველოში გენდერული თანასწორობის საკითხებზე სტატისტიკის, მონაცემებისა და სტრატეგიის შემუშავებას გულისხმობს, რომ აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებებში გენდერული თემების გააქტიურება მოხდეს.

“ეს პროექტი იმუშავებს მომდევნო წელიწადნახევრის განმავლობაში და მისი მიზანი იქნება გენდერული თანასწორობის ასპექტების შეტანა ყველა იმ საჯარო უწყებაში, რომელიც საჯარო ადმინისტრირების რეფორმაში იღებს მონაწილეობას. პროექტი მთლიანადაა დაფინანსებული ევროკავშირის მიერ. გენდერული მეინსტრიმინგი არის ძალიან ფართო და რამდენიმე ელემენტი განსაკუთრებულ ყურადღებას დაიმსახურებს. ერთერთია სწორედ გენდერზე დამოკიდებული მონაცემების შეგროვება და სტატისტიკის წარმოება, რაც საჭიროა პოლიტიკის განსაზღვრისთვის ამა თუ იმ სფეროში, ეს მმართველობის ყველა სფეროს ეხება”,- აღნიშნავს ევროკავშირის მხარის წარმომადგენელი ქეთევან ხუციშვილი.

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია 2017 წლის ზაფხულში შეიქმნა. მას ადამიანის უფლებათა და გენდერის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, სოფო ჯაფარიძე ხელმძღვანელობს. მასში სამინისტროებთან ერთად სახალხო დამცველის აპარატი და მესამე სექტორიც შედის.

“გენდერული ნიშნით სეგრეგირებული მონაცემების შეგროვება ამ ეტაპზეც ხდება, თუმცა მეთოდოლოგია არ არის იმდენად დახვეწილი და ისეთი, როგორიც უნდა შეესაბამებოდეს სტამბოლის კონვენციის მოთხოვნებს, რომლის რატიფიცირებაც ქვეყანამ მოახდინა. ამიტომ ამ პროექტის ფარგლებში ერთის მხრივ დაიხვეწება გენდერული ნიშნით სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგია და მეორე მხრივ, ყველა ის უწყება, ვინც სტატისტიკის წარმოებაშია ჩართული, გადამზადდება და გაძლიერდება მათი პროფესიული უნარები”,-აღნიშნავს სოფო ხუციშვილი.

პროექტში ფინანსთა, შინაგან საქმეთა, ჯანდაცვის, განათლებისა და იუსტიციის სამინისტროებიც არიან ჩართული.