გენადი არველაძე – საქართველო ინარჩუნებს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალურ და პროგნოზირებად სავაჭრო რეჟიმს, რაც ქმნის მყარ საფუძველს გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის

18:03, 04.02.2026

საქართველო აგრძელებს ეკონომიკურ განვითარებას სტრუქტურული რეფორმების განხორციელებით, მათ შორის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ფარგლებში, იყენებს სავაჭრო და საინვესტიციო პოლიტიკას სტრუქტურული ტრანსფორმაციის ინსტრუმენტად, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ევრაზიული კვირეულის (OECD Eurasia Week) პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც პარიზში გაიმართა.

მისი თქმით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ეროვნული სტანდარტიზაციის სისტემის ევროპულ ჩარჩოსთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით, როგორც ინსტიტუციურად, ისე პრაქტიკაში.

„საქართველოში ევროპული სტანდარტების მიღების მაჩვენებელმა თითქმის 95%-ს მიაღწია, რაც ქვეყანას გამოარჩევს რეგიონის ქვეყნებს შორის. ჰარმონიზაციის მაღალი დონე ამცირებს ტექნიკურ ბარიერებს ვაჭრობაში და ზრდის ქართველი მწარმოებლების შესაძლებლობას, იყვნენ კონკურენტუნარიანები და ინტეგრირება მოახდინონ ევროპულ და გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვებში. საქართველო ინარჩუნებს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალურ და პროგნოზირებად სავაჭრო რეჟიმს, რაც ქმნის მყარ საფუძველს გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის. ჩვენი სავაჭრო პოლიტიკა ხასიათდება დაბალი ტარიფებით, მინიმალური საბაჟო ბარიერებით, გამარტივებული პროცედურებითა და გამჭვირვალე, წესებზე დაფუძნებული მმართველობით. მთავარი პრიორიტეტია როგორც საექსპორტო ბაზრების, ისე საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაცია, რაც აძლიერებს ეკონომიკურ მედეგობას და ამცირებს დამოკიდებულების რისკებს ინვესტორებისთვის“, – აღნიშნა გენადი არველაძემ.

მისი თქმით, ქართული პროდუქცია სარგებლობს შეღავათიანი წვდომით 2,3 მილიარდზე მეტ სამომხმარებლო ბაზარზე, საქართველო კი წარმოჩინდება, როგორც წარმოებისა და დისტრიბუციის ეფექტური ჰაბი, რომელიც ევროპას, აზიასა და ახლო აღმოსავლეთს აკავშირებს.

„ეს ძალისხმევა ასახავს მკაფიო სტრატეგიულ ხედვას, რომელიც მოიცავს სავაჭრო პოლიტიკის ინვესტიციების წახალისებასთან შესაბამისობაში მოყვანას, რეგიონულ და გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვებში საქართველოს როლის გაძლიერებას და ინვესტორებისთვის მზარდ, პროგნოზირებად და წესებზე დაფუძნებულ სულ უფრო მზარდ ბაზრებზე წვდომის უზრუნველყოფას“ – აღნიშნა გენადი არველაძემ.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილემ ასევე მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიებში, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობასა და დიგიტალიზაციას შეეხებოდა. OECD ევრაზიის კვირეული ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებს მოიცავს. კვირეულის ღონისძიებებში ასევე მონაწილეობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, რომელმაც ერთ-ერთ დისკუსიაში შუა დერეფნის განვითარების პროცესში საქართველოს ფუნქციის გაძლიერებაზე ისაუბრა.

OECD ევრაზიის კვირეული ყოველწლიური მაღალი რანგის ღონისძიებაა, რომელშიც მონაწილეობენ როგორც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების, ასევე ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელი პირები.

მსგავსი