გენადი არველაძე - ევროკავშირის ანგარიშში საუბარია პროგრესზე, რომელსაც საქართველომ მიაღწია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების​ ვალდებულებების ფარგლებში
გენადი არველაძე - ევროკავშირის ანგარიშში საუბარია პროგრესზე, რომელსაც საქართველომ მიაღწია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების​ ვალდებულებების ფარგლებში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, ასოცირების შეთანხმების 2019 წლის ანგარიშში აღნიშნულია პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების დანერგვის მიხედვით.

მისი თქმით, სფეროები, რომლებშიც 2019 წელს საქართველოს მთავრობამ განახორციელა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვადასხვა ვალდებულება, არის აკრედიტაცია, მეტროლოგიის სფერო, ასევე ბაზარზე ზედამხედველობა, რომელიც ახალ ინსტიტუტად ჩამოყალიბდა.

„ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო, ბაზრის ზედამხედველობის ნაწილში პროგრესირებს და ნერგავს იმ რეგლამენტებს, რომლებიც აუცილებელია უსაფრთხო პროდუქტების განთავსების მიმართულებით და შესაბამისი კონტროლის სისტემის დანერგვის კუთხით ბაზარზე“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გენადი არველაძემ ასევე ხაზი გაუსვა კონკურენციის სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროგრესს იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც განხორციელდა და პარლამენტში უნდა იქნეს განხილული, ასევე საჯარო შესყიდვების მიმართულებით არსებულ პროგრესსა და საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც მომზადებულია და 2022 წლის ჩათვლით ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოებას და შესაბამისი სისტემების დანერგვას გულისხმობს.

„ანგარიშში ასევე აღნიშნულია დავების გადაწყვეტის საბჭოს ფორმირება, რომელიც უახლოეს თვეებში დაფუძნდება და ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც შეფასებულია დადებითად. საუბარია ასევე როგორც შესყიდვების, ასევე სანიტარული და ფიტოსანიტარული მიმართულებით ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე“, – განაცხადა არველაძემ.

ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ევროკავშირის ქვეყნებთან მნიშვნელოვნად იზრდება ექსპორტი.

„მნიშვნელოვნად იზრდება ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში. 2019 წელს ევროკავშირის ქვეყნებთან გვქონდა ექსპორტის ზრდის რეკორდული მაჩვენებელი, ასევე 40 პროცენტით არის გაზრდილი ექსპორტიორო კომპანიების რაოდენობა, მაგალითად, 2014 წელთან შედარებით.

ანგარიშში ასევე საუბარია როგორც ეკონომიკურ გამოწვევებზე, ასევე ნავარაუდებთან შედარებით ბევრად მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც 2019 წელს დაფიქსირდა“, – განაცხადა არველაძემ.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაწილი.

„გასული წლის მესამე კვარტალში დაგვიფიქსირდა 13%-ზე მეტი ზრდა. ამაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რეინვესტირების 100 პროცენტზე მაღალმა ზრდამ. ეს ნიშნავს, რომ ინვესტორების ნდობა ჩვენი ქვეყნის მიმართ იზრდება. აქვე მნიშვნელოვანია, რომ მშპ-სთან მიმართებაში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 7,6% შეადგინა,“ – აღნიშნა არველაძემ, რომლის კომენტარსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

 

დატოვე კომენტარი