გემ „პანტელენას“ ქართველი კაპიტანი მეკობრეების ცხრადღიანი ტყვეობის დეტალებს იხსენებს
გემ „პანტელენას“ ქართველი კაპიტანი მეკობრეების ცხრადღიანი ტყვეობის დეტალებს იხსენებს

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის, „პანტელენას“ ქართველი კაპიტანი, ლაშა გადილია პირველ არხთან ცხრადღიანი ტყვეობის დეტალებზე საუბრობს.

როგორც მან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, 13 აგვისტოს ღამით, დაახლოებით 23:30 საათზე, როდესაც გემს მისი თანაშემწე მართავდა, შეიარაღებული მეკობრეები თავს დაესხნენ, იარაღის მუქარით აიძულეს სამართავი კაიუტის კარის გაღება, რის შემდეგაც გემი გაიტაცეს.

როგორც ლაშა გადილია იხსენებს, თავდამსხმელებმა ყველა მეზღვაური იარაღის მუქარით ერთ ოთახში ჩაკეტეს, სადაც მათ ცხრა დღის განმავლობაში არანაირ ინფორმაციას არ აწვდიდნენ.

მისი თქმით, მეკობრეები მეზღვაურებს ფიზიკურად არ შეხებიან და პერიოდულად აწვდიდნენ წყალსა და საჭმელს.

თავდამსხმელები ტყვეებს ინგლისურად ესაუბრებოდნენ, ხოლო თავად ადგილობრივ დიალექტს იყენებდნენ, რის გამოც მეზღვაურები ამბობენ, რომ გამტაცებლების მოთხოვნები მათთვის გაუგებარი იყო.

მეათე დღეს გემ „პანტელენას“ მეზღვაურები გაათავისუფლეს, თუმცა ისინი არ საუბრობენ დეტალებზე, რის სანაცვლოდ მოხდა მათი გათავისუფლება.

ლაშა გადილიას თქმით, ამ დროისთვის, ისინი კონგოში იმყოფებიან და ელოდებიან გემის მფლობელი კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას.

17-ვე მეზღვაური უკვე დაუკავშირდა ოჯახის წევრებს და მათი თქმით, თავს ყველანი კარგად გრძნობენ.