გელოვანის გამზირისა და ლისის გზის დამაკავშირებელი მაგისტრალი სავარაუდოდ 18 მილიონი ლარი დაჯდება
გელოვანის გამზირისა და ლისის გზის დამაკავშირებელი მაგისტრალი სავარაუდოდ 18 მილიონი ლარი დაჯდება

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის (ლისის გზა) დამაკავშირებელი ახალი გზა სავარაუდოდ 18 მილიონი ლარი დაჯდება. თბილისის მერიამ პროექტის განხორციელების მიზნით საპროექტო და სამშენებლო ტენდერი უკვე გამოაცხადა.

დაინტერესებულ კომპანიებს განაცხადების შეტანა 30 მაისიდან 4 ივნისამდე შეეძლებათ. გამარჯვებულმა კომპანიამ პროექტი შვიდი თვის ვადაში უნდა განახორციელოს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ახალი გზა უნდა დაიწყოს გელოვანის გამზირიდან, სუპერმარკეტ „აგროჰაბი“-დან სავაჭრო ცენტრ „მათე მოტორს“-ს შორის არსებული ტერიტორიიდან და დასრულდეს მაჭავარიანის ქუჩაზე, საგანგებო სიტუაციათა მართვის ცენტრიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში.

ახალი გზის მშენებლობამ უნდა უზრუნველყოს არსებულ გზებზე ნაკადების განტვირთვა. სამომავლოდ კი, მოძრაობის ინტენსივობის გაზრდის შემთხვევაში, უზრუნველყოფს უწყვეტ რეჟიმში გადაადგილებას.