გელათის სამონასტრო კომპლექსის დროებითი გადახურვის სამუშაოები დასრულდა
გელათის სამონასტრო კომპლექსის დროებითი გადახურვის სამუშაოები დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან ერთად, გელათის სამონასტრო კომპლექსის დროებითი გადახურვის სამუშაო დაასრულა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად სამონასტრო კომპლექსი სრულად იქნება დაცული ზამთრის პერიოდში, პარალელურად კი აქტიურად გაგრძელდება მუდმივი გადახურვისთვის საჭირო კრამიტის დამზადება.

მუნიციპალური განვითარების ფონდის დავალებით, კონტრაქტორი კომპანიის მიერ შეკვეთილი კრამიტის ყველა პარტიას ჩაუტარდება დამატებითი ექსპერტიზა და სამონასტრო კომპლექსი მხოლოდ ამის შემდეგ გადაიხურება.

„გელათის ამჟამინდელი, დროებითი გადახურვის სამუშაოები შემსრულებელმა კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარვეზების გამოსწორების საგარანტიო ვადის ფარგლებში განახორციელა და მასში სახელმწიფოს დამატებითი თანხა არ გადაუხდია.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა სამონასტრო კომპლექსზე ხარვეზების გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ დაიწყო საკითხის შესწავლა. ფონდმა კომპლექსზე დეფექტების გამოსწორება დაავალა როგორც კონტრაქტორ, ისე საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიას, რასაც ითვალისწინებს მათთან გაფორმებული ხელშეკრულების ერთწლიანი საგარანტიო ვადა.

მუნიციპალური განვითარების ფონდი ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან ერთად ეტაპობრივად და თანმიმდევრულად ახორციელებს ყველა საჭირო ქმედებას, რათა დროულად გამოსწორდეს სამონასტრო კომპლექსზე არსებული ხარვეზები“, – აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.