ჩვენი პოზიცია არ ნიშნავს ანტიევროპულ პოზიციას, თვითონ ევროკავშირმა გადაუხვია იმ ღირებულებებს და ფასეულობებს, რომლის საფუძველზეც ის შეიქმნა, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა.
ნიკოლაიშვილმა უპასუხა წამყვანის შეკითხვას: რა იგულისხმება ნეიტრალურ სტატუსში, როდესაც ორგანიზაცია აცხადებს, რომ ხელისუფლება თავად უნდა ამბობდეს უარს მორალურად, პოლიტიკურად და ეკონომიკურად დეგრადირებულ ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ვიდრე არ მოხდება ამ გაერთიანებაში ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების რეანიმაცია და რამდენად თავსებადია მათი დღევანდელი გზავნილი არსებულ მოცემულობასთან, რადგან სოციოლოგიური გამოკითხვებითაც არის დადასტურებული და მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას გაცხადებული აქვს ნება, რომ ქვეყანა გაწევრიანდეს ევროკავშირში, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ეს ასევე გაწერილია კონსტიტუციაში?
„ჩვენ არაერთი მაგალითი ვნახეთ ამის. თუნდაც, დამოკიდებულებები სრულიად სხვანაირია, მაგალითად, არჩევნების შეფასების მიმართ მოლდოვაში, არჩევნების შეფასების მიმართ უკრაინაში, არჩევნების შეფასების მიმართ თუნდაც აზერბაიჯანში და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. თურმე ყველგან ტარდება დემოკრატიული არჩევნები. ასევეა პარტიების გაუქმების და მედიის აკრძალვის მიმართ დამოკიდებულება. ასე უყურებენ, თუ ესენი ჩვენი მომხრეები არიან და ისინი აუქმებენ თავიანთ ოპონენტებს, პარტია იქნება ეს თუ მედია, ეს კარგია და თუ ჩვენ მოწინააღმდეგეებად – რთულიც და ისინი აუქმებენ, მაშინ არადემოკრატიულია. 2003-2012 წლებში იყო თურმე დემოკრატიული ხელისუფლება, დემოკრატიის შუქურა იყო და დღეს არ არის. ნეიტრალურობა არ ნიშნავს, რომ ვინმეს წინააღმდეგ უნდა ვიყოთ. ჩვენ პრეტენზია ხელისუფლებასთან იმაზეც გვაქვს, რომ მათ თავიანთი სიმართლე ვერ მიიტანეს საერთაშორისო ორგანიზაციებამდე“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
მისი თქმით, ზოგიერთები უკვე წერენ, რომ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ხელისუფლების სატელიტია, პრორუსული ორგანიზაციაა და ასე შემდეგ, მაგრამ, რეალურად, ხალხი დაინახავს, რომ ის არც ერთია და არც მეორე.
„რეალურად, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ნეიტრალიტეტზე, ჩვენ ყველგან უნდა ვეძებოთ მოკავშირეები, მაგრამ საკუთარი ინტერესები უნდა დავაყენოთ ყოველთვის წინა პლანზე. არამხოლოდ რუსეთს აქვს საქართველოში თავისი ინტერესები, საქართველოში თავისი ინტერესები აქვთ თურქეთსაც, ირანსაც, ჩვენს პატარა მეზობლებსაც, აზერბაიჯანს და სომხეთს, რა თქმა უნდა, დასავლეთ ევროპასაც და ამერიკასაც“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, როგორ ესახება რუსეთთან მოკავშირეების ძებნა ოკუპაციის პირობებში, გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა დაინახოს, რუსეთი თუ კეთილგანწყობილი იქნება საქართველოს მიმართ, საქართველო მისთვის იქნება მოკავშირე.
„რუსეთის ინტერესების გათვალისწინება, თუნდაც ჩვენი გეოსტრატეგიული მდებარეობის გამო, საიდანაც ეკონომიკური სარგებელი უნდა ნახოს, მათ შორის, რუსეთმაც და უნდა დაინახოს რუსეთმაც, რომ საქართველოსთან დაპირისპირება და საქართველოს დაყოფა კი არ არის მისი ინტერესი, თუ კეთილგანწყობილი იქნება საქართველოს მიმართ, საქართველო მისთვის იქნება ისეთივე მოკავშირე, როგორც საქართველო იქნება სტრატეგიული მოკავშირე თუნდაც თურქეთის, სხვა მეზობლების, თუნდაც დასავლეთის მიმართ, მაგრამ ჩვენ მიმართ უნდა იყოს ობიექტური მოპყრობა, ობიექტური დამოკიდებულება და არა მტრული. ამაშია საქმე და ჩვენ უნდა დავანახოთ, რომ ეს შედის როგორც დასავლეთის, ასევე რუსეთის ინტერესებში, თორემ ადვილია რუსი-რუსი, რუსო-რუსო-ს ძახილი და სადამდე მიგვიყვანა ამან, ვნახეთ. ამ ე.წ. ლიბერალების კონცეფცია და მათი მთელი ფილოსოფია ხომ მხოლოდ იქამდეა, რომ რუსეთი უნდა დაინგრეს, რუსეთი უნდა დაიშალოს და რუსეთი თუ ჩვენ დაგვემუქრება, უნდა დაგვიცვას დასავლეთმა? რეალურად, ჩვენ ხომ მაგალითი ვნახეთ, რომ უკრაინას ვერ იცავს ამდენი წლის განმავლობაში მთელი დასავლეთი და ნახევარი უკრაინა განადგურებულია?“ – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
შეკითხვაზე, რისთვის გამოიყენებს პარტია საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდს და როგორ დაარწმუნებს მოსახლეობას თავისი პოზიციების სისწორეში, გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, რომ პარტიამ უკვე დააყენა საკითხი, ან პლებისციტი, ან რეფერენდუმი.
„პლებისციტის ჩატარება უფრო ადვილია, რადგან როდესაც ჩატარდა 2008 წელს, 17 წელი გავიდა მას შემდეგ და ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. რა თქმა უნდა, მაშინ ჩვენც მივეცით ხმა ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანებას, დღეს კი ვხედავთ, რომ პირდაპირ გვეუბნებიან, ნატო-ში გაწევრიანება უნდა დავივიწყოთ. ევროკავშირში გაწევრიანება შეიძლება, ოღონდ მხოლოდ იმ ღირებულებებით, რომლითაც შეიქმნა ევროკავშირი და ჩვენ გვინდა, მოსახლეობას ვკითხოთ. დღეს ამბობენ: 80%, 75%, 85% და, ობიექტურად, რამდენს უნდა დღეს ასეთ ევროკავშირში შესვლა, სადაც ვიცით, რაც ხდება? მაგალითად, ბოლო გადაწყვეტილებას შეგახსენებთ, რომ 2026-2030 წლებში უკვე ყველა არასრულწლოვანს აქვს სრული უფლება სქესის შეცვლის. სხვათა შორის, დღეს იყო ზუსტად ინფორმაცია, რომ რაღაც ამ ლიბერალური კანონით, რომელიც გერმანიაში მიიღეს, მხოლოდ ცხრა თვის განმავლობაში 22 000-მა ადამიანმა შეიცვალა სქესი. მით უმეტეს, აქ არის ლაპარაკი ასარულწლოვანებზე და არის მოთხოვნა, ისე კი აღარ იქნება, როგორც დღეს არის, რომ ზოგიერთ ქვეყანას აქვს და ზოგიერთს არა, პირდაპირი მოთხოვნაა. მოთხოვნის სახე არ აქვს პირდაპირ, მაგრამ ვინც ამას არ შეასრულებს, ის იმ ბენეფიტებს ვერ მიიღებს, რომელსაც ევროკავშირი იძლევა. ანუ, ფინანსებს არ გამოუყოფენ და სხვადასხვა დისკრიმინაციული გადაწყვეტილება იქნება ასეთი ქვეყნების მიმართ“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
როგორც ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, მათი ამომრჩეველი უკვე გამოიკვეთა და ძალიან ბევრი, განსაკუთრებით, ის ამომრჩეველია, რომელიც აქამდე არ მონაწილეობდა არჩევნებში და რომლისთვისაც მიუღებელია ორივე რადიკალური მხარე.
„ეს არის ამომრჩეველი, რომელიც ამბობს, რომ ნეიტრალური, ოღონდ საქართველოს ინტერესების წინა პლანზე დაყენებით ყველა ქვეყანამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ყველა ქვეყანასთან ვითანამშრომლებთ, ყველა ქვეყნის ინტერესს გავითვალისწინებთ, ოღონდ, პირველ რიგში, გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს ინტერესები. ვინც ამ პოზიციაზე იქნება, ის იქნება ჩვენი ამომრჩეველი და ჩვენ იმედი გვაქვს და უკვე ვხედავთ, რომ ასეთი ძალიან ბევრია“, – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.
ცნობისთვის, საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ პარტიად ჩამოყალიბდა.
