გელა ნიკოლაიშვილი - ჩვენი განცხადება ძირითადად იყო გამყარებული საჯარო მოწოდებებით, გამოძიება და პროკურატურა იმ კუთხით მუშაობს, რომ კონკრეტული პიროვნებების ბრალი იქნეს გამოკვეთილი
ჩვენი განცხადება ძირითადად იყო გამყარებული იმ საჯარო მოწოდებებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, – ამის შესახებ მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გელა ნიკოლაიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ჩვენ მიმართვა არ იყო მხოლოდ ბოლო დღეების ან თვეების ფაქტებზე დამყარებული განცხადება. ეს იყო მთლიანად, დაწყებული სააკაშვილის პერიოდიდან, იმ ძალის, გუნდის თუ პიროვნებების ქმედებათა მეტ-ნაკლები შესწავლა, ზოგჯერ ზედაპირული, ზოგჯერ კი უფრო სიღრმისეული, სადაც ჩანდა, დაახლოებით 20 წლის წინანდელი პერიოდიდან, როგორ მოქმედებდნენ ისინი ნებსით თუ უნებლიეთ, შეგნებულად თუ შეუგნებლად სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ და, სამწუხაროდ, ეს გაგრძელდა ახალი ხელისუფლების მოსვლის და მათი ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ. აქ უკვე მათ ნაკლები შესაძლებლობები ჰქონდათ, რა თქმა უნდა, მაგრამ რეალურად, განსაკუთრებით ბოლო ხანებში, არჩევნების შემდეგ გამოიკვეთა სიტუაცია, როდესაც ისინი არც ერიდებოდნენ დამხობისკენ, საბოტაჟისკენ მოწოდებას, საბოტაჟი კი არის სისხლის სამართლის დანაშაული“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ვინ შეიძლება იყოს გამოძიების სუბიექტი, გელა ნიკოლეიშვილმა განაცხადა, რომ სამართლებრივად შეიძლება გავრცელდეს კონკრეტულ პიროვნებაზე.
„მე არ მინდა, რაღაც ორგანიზაციები დავასახელო, თუნდაც არასამთავრობო თუ პოლიტიკური პარტიები, რადგან არასამთავრობოშიც და პოლიტიკურ პარტიაშიც არაერთი პირია, მინიმუმ, ათეულობით, თუ ასეულობით არა, და, ბუნებრივია, ყველა არ შეიძლება, იყოს დანაშაულში ჩართული, რომ რაღაც ერთიანი, კოლექტიური ბრალი წაუყენონ ვინმეს. გამოძიება და პროკურატურა იმ კუთხით მუშაობს, რომ კონკრეტული პიროვნებების ბრალი იქნეს გამოკვეთილი“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
მისი თქმით, ადვილი არ არის კონკრეტული პირების გამოკვეთა დანაშაულში, მაგრამ არც შეუძლებელია.
„იმიტომ, რომ ეს ადამიანები ძალიან ხშირად არ ერიდებიან თუნდაც ისეთ მოწოდებებს, რასაც საბოტაჟი ჰქვია. ჯერჯერობით ამაზე დაიწყო გამოძიება და შეიძლება, იქ სხვა საკითხებიც გამოიკვეთოს. მით უმეტეს, სუს-იც ჩერთო, როგორც გამოაცხადეს და მათ უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ. არ არის გამორიცხული, ეს გამოძიება ბოლომდე მივიდეს. ბოლომდე მისვლაში ვგულისხმობ კონკრეტული დამნაშავეების გამოვლენას“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, ხომ შეიძლება, ოპონენტებმა განაცხადონ, რომ ეს მოწოდებები არის გამოხატვის თავისუფლება, გელა ნიკოლეიშვილმა განაცხადა, რომ განსხვავება სწორედ იმაშია, რომ კონკრეტულ მუხლში პირდაპირ წერია: საქართველოს დასუსტების მიზნით.
„შენ ამას აკეთებ იმისთვის, რომ, ვთქვათ, პოლიტიკურ ოპონენტებს ებრძოლო და პოლიტიკური პარტია დაასუსტო თუ იმისათვის, რომ ტურიზმი ჩაკვდეს, ბიზნესი დასუსტდეს და შენს ქვეყანას სანქციები დაუწესონ, უფრო სწორად, შენ კი დაუწესო ვიღაცას სანქციები, როგორც მოითხოვენ, მაგრამ, რეალურად, შენ აღმოჩნდე უარეს მდგომარეობაში, ვიდრე ის ქვეყანა, რომელსაც სანქციებს უწესებ, ჩამოიქცეს ლარის კურსი და გაუარესდეს ეკონომიკური მდგომარეობა. აი, ეს ყველაფერი თუ არის მიმართული მხოლოდ პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგოდ, ძნელი დასაჯერებელია. იმიტომ, რომ ესენი ხომ ამბობენ, რაც უარესია, მით უკეთესია? ანუ, ხალხის მდგომარეობა რაც უფრო გაუარესდება, რაც ნიშნავს ქვეყნის მდგომარეობის გაუარესებას, მით უმეტეს, ქვეყანა მაქსიმალურად იზოლაციაში რომ მოექცეს, ამის მცდელობასაც არათუ აღიარებენ, არამედ პირდაპირ ამბობენ, ჩვენი მიზანი ეს არისო. აი, ამ ქმედებებში რა არის კრიმინალი? რა თქმა უნდა, გამოხატვის თავისუფლებასა და კრიმინალს შორის არის ზღვარი და ეს ზღვარი არის თუ არა გადალახული, ეს სწორედ ამ გამოძიებამ უნდა დაგვანახოს“, – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.
დღეს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: „საბოტაჟის მცდელობის, სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ შემოტანილი განცხადება, სადაც ისინი ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიუთითებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ შიდა თუ გარე აქტორების ქმედებებში იკვეთება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლებისათვის საფრთხის შემცველი მოქმედებების ერთობლიობა“.