გელა მიქაძე - პარლამენტში პარტია „ევროპელი სოციალისტებით“ ვიქნებით წარმოდგენილი და ხელისუფლებას პირველ რიგში, ოპონირებას გავუწევთ როგორც საარჩევნო რეფორმაზე, ისე ეკონომიკურ პოლიტიკაზე
პარლამენტში ჩვენ პარტია „ევროპელი სოციალისტებით“ ვიქნებით წარმოდგენილი და ხელისუფლებას პირველ რიგში, ოპონირებას გავუწევთ როგორც საარჩევნო რეფორმაზე, ასევე ეკონომიკურ პოლიტიკაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელ გელა მიქაძის განცხადებაშია ნათქვამი.
მისივე შეფასებით, ბოიკოტი და პარლამენტში ხელისუფლების ოპონირების გარეშე დატოვება არასწორია მაშინ, როდესაც ქვეყანაში არაერთი გამოწვევაა.
„არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენ, ოპოზიციამ მთლიანობაში ვერ წარმოვადგინეთ ის მტკიცებულებები, რა მასშტაბის ბრალდებაც გაჟღერდა მოლაპარაკებების დაწყებამდე – რა თქმა უნდა, ხარვეზები იყო, თუმცა არჩევნების გაყალბება ძალიან ხმამაღალი განცხადება იყო, რომელსაც მტკიცებულებები სჭირდებოდა. შეცდომა იყო უარის თქმა გადათვლაზე, ასევე დათვლის შედეგების გადამოწმებაზე – ეს არათანმიმდევრული გადაწყვეტილებები დემოკრატიისთვის საერთო ბრძოლას აზიანებს. ხელისუფლებას ჩვენ ოპონირებას გავუწევთ, რომ საარჩევნო რეფორმა ბოლომდე მიიყვანოს და ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინოს თვითმმართველობის არჩევნებამდე. თხოვნით მივმართავთ ფასილიტატორ ელჩებსაც, რომ დიალოგის პროცესში ჩვენც ჩავერთოთ, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები და მოლაპარაკებებში ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, „პატრიოტთა ალიანსმა“ საპარლამენტო არჩევნებზე ოთხი მანდატი მიიღო. ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს. მათ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი პარლამენტში სწორედ მათი ადგილმონაცვლეები იქნებიან. რაც შეეხება პარტიის მიერ მოპოვებულ მეოთხე მანდატს, „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომერმა, ავთანდილ ენუქიძემ სადეპუტატო უფლებამოსილებაზე უარი არ თქვა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთო.