გელა მიქაძე - არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ და პარლამენტში შემოსვლის სურვილში თავისუფალი ვარ
გელა მიქაძე - არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ და პარლამენტში შემოსვლის სურვილში თავისუფალი ვარ

არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ და პარლამენტში შემოსვლის სურვილში თავისუფალი ვარ, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, გელა მიქაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მისი პარლამენტში შესვლის მთავარი მიზანი ინდუსტრიული ზონების განვითარებისთვის საკანონმდებლო ბაზის დახვეწაა.

როგორც მიქაძემ განაცხადა, თუ ამ ცვლილებებს ვერ განახორციელებს, ის პარლამენტს დატოვებს.

„არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვიყავი და პარლამენტში შემოსვლაზე ჩემს სურვილში თავისუფალი ვარ. პარლამენტში მეორედ ვარ დეპუტატი და ისე არ არის, რომ პირველი იყო და ძალიან გამიხარდა. 2008 წლიდან საქართველოში ყველაზე მასშტაბური პროექტები განვახორციელე. ფაქტობრივად, 25 000 სამუშაო ადგილი მუშაობს, ეს პირადად ჩემი დამსახურებაა. პირველი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა საქართველოში, ათეულობით ცნობილი ბრენდის შემოყვანა ჩემი დამსახურებაა. ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზაა ყველა რეგიონში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების აშენება. ამას სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, რადგან არსებული საკანონმდებლო ბაზა ძალიან ცუდია. ასევე, ჩემი პროექტი იყო ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, მაგრამ დღეს ყველა ეს ზონა გადაქცეულია ბოსლად. ჩემი პარლამენტში შემოსვლის მთავარი მიზანია, თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნის კონცეფცია დავასრულო და ქვეყანაში კიდევ 30 ათასი სამუშაო ზონა შევქმნა. თუ ამას ვერ მივაღწევ და საკანონმდებლო ბაზა არ იქნება, ჩემთვის პარლამენტის წევრობა აპრიორი არ არის.

სიტყვას გაძლევთ, ამას თუ არ განვახორციელებთ, პარლამენტს დავტოვებ. ჩემთვის აპრიორი არ არის დეპუტატობა. ჩემი ცოდნა და სპეციალიზაცია, რაც მინდა საქართველოს მოვახმარო, ეს არის სამუშაო ადგილების არსებობისთვის საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომელიც ეხება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს. ძალიან ბევრ ინვესტორს უნდა საქართველოში შემოსვლა, მაგრამ ერთადერთი შემაფერხებელი მიზეზი დღეს არსებული საკანონმდებლო ბაზაა“, – განაცხადა მიქაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნის საკითხსაც და აღნიშნა, რომ 2021 წელს ხელისუფლებას მოუწევს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.

„ჩემს აზრს ვამბობ, მე, საქართველოს მოქალაქე პარლამენტში შევედი არა „ნაცისტურ რაიხსტაგში“, „მიშისტურ მთავრობაში“ ან აღა-მაჰმად ხანის რაზმში, არამედ მე, როგორც საქართველოს მოქალაქე შევედი პარლამენტში და ვაღიარებ, რომ ეს იყო გაყალბებული არჩევნები. ჩემს აზრს ვამბობ, რომ „ქართული ოცნება“ დღეს არის საბჭოთა კავშირის 1990-იანი წლების ბოლო, როდესაც ფაქტობრივად, ქვეყნის მმართველობა ჩამოიშალა ეკონომიკური პრობლემების გამო. ვფიქრობ, გარდაუვალი იქნება 2021 წელს მთავრობამ არ დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები. ხალხის მოთხოვნა იქნება, რომ უნდა შეიქმნას ქვეყანაში კოალიციური მთავრობა და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები“, – განაცხადა მიქაძემ.