გელა ხანიშვილი - მიწების უცხოელებზე გასხვისების მორატორიუმის გაუქმებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხუთ დღეში ძალას დაკარგავს
გელა ხანიშვილი - მიწების უცხოელებზე გასხვისების მორატორიუმის გაუქმებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხუთ დღეში ძალას დაკარგავს

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებული მორატორიუმის გაუქმებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხუთ დღეში იურიდიულ ძალას დაკარგავს, შესაბამისად, მიწის გასხვისების საკითხი ახალი კონსტიტუციით დარეგულირდება, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ, გელა ხანიშვილმა განაცხადა.

ამასთან, გელა ხანიშვილი ვერ აკონკრეტებს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ სახელმწიფოს მიწების რეგისტრაციის მიზნით რამდენმა ადამიანმა მიმართა.

„აღნიშნულ ინფორმაციას სხვა უწყებები ფლობენ. რაც შეეხება მოკლე პერიოდში დიდი რაოდენობით მიწების გადაფორმების საკითხს, ეს რელევანტური არ იქნება, რადგან საქართველოს მოსახლეობას კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რომ მიწების ყიდვა-გაყიდვის საკითხი გადამწყვეტი არ არის სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულ ადამიანებთან დაკავშირებით. ძალზედ სწორია აკრძალვა, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს. საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას კონსტიტუციაზე დაყდნობით იღებს და მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის ბიზნესში ინვესტიციების განხორციელებას აღნიშნული აკრძალვა ხელს არ უშლიდა. ვინც დაინტერესებული იყო სოფლის მეურნეობაში ბიზნესით, ამას ახორციელებდა კიდეც“, – განაცხადა ხანიშვილმა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი 7 დეკემბერს არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომელშიც სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით შესწორებები შევიდა. დოკუმენტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერსაა დაგეგმილი.

დატოვე კომენტარი