გელა გელაძე - სკოლებში ფსიქოლოგიური სამსახური ძლიერდება
გელა გელაძე - სკოლებში ფსიქოლოგიური სამსახური ძლიერდება

სკოლების მანდატურის სამსახურის უფროსის გელა გელაძის განცხადებით, სკოლებში ძლიერდება ფსიქოლოგიური სამსახური.

როგორც გელა გელაძემ განაცხადა, სკოლის ფსიქოლოგიური სამსახურის გასაძლიერებლად შექმნილია „კრიზისული ინტერვენციის“ ჯგუფები, ამოქმედდა ცხელი ხაზი და საიტი, სადაც მშობლებსა და მოსწავლეებს შესაბამისი ფსიქოლოგიური კონსულტაციის გავლა შეეძლებათ.

მისივ თქმით, ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს რვა ფსიქოლოგიური ცენტრი, რომლებშიც მხოლოდ 2018 წლის ბოლო თვეებში სკოლიდან 3000-მდე ბავშვი გადამისამართდა.

„ჩვენ ვაძლიერებთ ფსიქოლოგიური მომსახურების კომპონენტს, რომელიც, შეიქმნა რამდენიმე ხნის წინ. ჩვენ საქართველოს მასშტაბით რვა ფსიქოლოგიური ცენტრი გვაქვს, აქედან ორი თბილისში, დანარჩენი ბათუმში, კახეთში, რუსთავში, გორში, ქუთაისსა და ფოთში. მიმდინარე წელს ჩვენ შევალთ სამეგრელოში და სამცხე-ჯავახეთშიც. ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებში ბოლო თვეების განმავლობაში შევქმენით 24 საათიანი ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს, მშობელს, მოსწავლეს შეეძლება მოგვმართონ“, – განაცხადა გელა გელაძემ.

მისივე თქმით, 2018 წლის ბოლო თვეებში ფსიქოლოგიურ ცენტრებში მომართვიანობა გაიზარდა და 3000-მდე ბენეფიციარი გადამისამართდა სკოლებიდან, რაც ნიშნავს, რომ ცენტრის ცნობადობა გაზრდილია.

„ჩვენ ასევე შევქმენით ინტერნეტ პორტალი befriend.mes.gov.ge, რომელიც იქნება მთლიანად ორიენტირებული ფსიქოლოგიურ მომსახურებაზე. დღეს საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში და წლის ბოლომდე საბოლოოდ ჩამოყალიბდება. ამ საიტზეც ასევე საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებს შეეძლებათ, ონლაინ რეჟიმში მიიღონ ფსიქოლოგებისა და სოც-მუშაკების კონსულტაცია. გარდა ამისა, შევქმენით კრიზისული ინტერვენციის ჯგუფი. ეს ჯგუფი შედგება ფსიქოლოგისგან, სოც-მუშაკისგან, ბავშვთა ფსიქიატრისგან და განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც სკოლაში არის საჭირო ამ ჯგუფის გამოცხადება, ისინი ადგილზე მიდიან, ეცნობიან, აფასებენ რისკებს და შემდგომ გეგმავენ, რა სახის პრევენციული ღონისძიებები უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა გელა გელაძემ.