„გეი ფეხბურთელმა“ სოციალურ ქსელში ანგარიში გააუქმა
„ტვიტერის“ ანგარიში სახელწოდებით „გეი ფეხბურთელი“, რომელიც ინგლისის რანგით მეორე საფეხბურთო ლიგის, „ჩემპიონშიფის“ ერთ-ერთ მოთამაშეს ეკუთვნოდა, აღარ არსებობს.
გვერდი სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გაჩნდა და მცირე დროში 50 000 მიმდევარი დააგროვა.
თავის პირველ გზავნილში, მოთამაშემ დაწერა, რომ ძალიან მალე გაამჟღავნებდა საკუთარ ვინაობას.
„მე პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ და ვთამაშობ ინგლისის საფეხბურთო ლიგა „ჩემპიონშიფის“ ერთ-ერთ გუნდში. საკუთარ ვინაობას მალე გავამჟღავნებ. ვამაყობ საკუთარი იდენტობით და იმედი მაქვს, რომ ყინულს დავძრავ. ჯერ 23 წელი არ შემსრულებია და დღეს საკუთარ ოჯახს ყველაფერი ვუთხარი“, – დაწერა ფეხბურთელმა.
მიუხედავად ამისა, დათქმულ დრომდე ერთი დღით ადრე, მან კიდევ ერთი გზავნილი დაწერა:
„საკუთარი თავი უფრო ძლიერი მეგონა. ვცდებოდი“, შემდეგ კი გვერდი წაშალა.
შეგახსენებთ, რომ პირველი და ერთადერთი პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელმაც ინგლისში თამაშისას საკუთარ ჰომოსექსუალობაზე ღიად ისაუბრა, ჯასტინ ფუშანუ იყო. კარიერის მანძილზე, ფუშანუმ ოცზე მეტ კლუბში ითამაშა, 1990 წელს საჯაროდ აღიარა თავისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია, 1998 წელს კი, როდესაც 17 წლის პიროვნების ჩვენების საფუძველზე, სექსუალურ ძალადობაში დასდეს ბრალი, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.