გედევან ფოფხაძის განმარტებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის 28 ნოემბერს დანიშვნაში სამართლებრივი პრობლემა არ არის
გედევან ფოფხაძის განმარტებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის 28 ნოემბერს დანიშვნაში სამართლებრივი პრობლემა არ არის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის განმარტებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის 28 ნოემბერს დანიშვნაში სამართლებრივი პრობლემა არ არსებობს.

გედევან ფოფხაძე საკითხზე საუბრისას ყურადღებას კანონში არსებულ ჩანაწერებზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ არჩევნების 28 ნოემბერს დანიშვნა კანონში არსებულ ჩანაწერს პასუხობს.

„კანონში პირდაპირ წერია, რომ მეორე ტური შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან ორ კვირაში ინიშნება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ შემაჯამებელი ოქმი დღეს ფორმდებოდა, ცესკო შესაძლებლობას მოკლებული იყო მეორე ტური სხვა დღეს დაენიშნა. ეს დღე უქმე დღედ გამოცხადდება და ვინც სხვა ქალაქშია რეგისტრირებული, პრობლემა არ ექნება, თავის ქალაქში ჩავიდეს და ხმა მისცეს”, – განაცხადა ფოფხაძემ.

ფოფხაძე საზღვარგარეთ მცხოვრები პირების საკითხსაც ეხმაურება და ამბობს, რომ ვინაიდან მეორე ტური 28 ნოემბერს დაინიშნა, სამუშაო დღე მათთვის გარკვეულ უხერხულობასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ემიგრაცია მობილიზებული იქნება და არჩევნებში მონაწილეობას გაცილებით მეტი ადამიანი მიიღებს, ვიდრე პირველ ტურში მიიღეს.

ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ დღეს ხელი მოაწერა შემაჯამებელ ოქმს და გამოსცა განკარგულება საპრეზიდენტო არჩევნების 28 ნოემბერს ჩატარების თაობაზე.