გედევან ფოფხაძემ უმრავლესობის წევრებს მიმართა - კორონავირუსთან ბრძოლაში თქვენ გვერდში ვარ, მაგრამ თუ ​კორონავირუსთან მეგობრობას აპირებთ, ღმერთმა მაგაზე უკეთესი მეგობარი არ გიშოვოთ
გედევან ფოფხაძემ უმრავლესობის წევრებს მიმართა - კორონავირუსთან ბრძოლაში თქვენ გვერდში ვარ, მაგრამ თუ ​კორონავირუსთან მეგობრობას აპირებთ, ღმერთმა მაგაზე უკეთესი მეგობარი არ გიშოვოთ

​არავის გაქვთ იმის უფლება, რომ ახლა ავტორიტარული რეჟიმი გააფორმოთ ამ კანონის მეშვეობით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ვერ ვხვდებით ამ კანონის პოლიტიკურ და სამართლებრივ მნიშვნელობას. ან გგონიათ, რომ ჩვენ ვერ ვხვდებით. თუ თქვენ ვერ ხვდებით, ეს კიდევ ცალკე უბედურებაა. ეს კანონი ქვეყანაში ცვლის სახელმწიფო მმართველობის ფორმას და საპარლამენტო რესპუბლიკის მაგივრად, ჩვენ ვიღებთ აბსოლუტიზმს. ეს არის ჩემთვის ერთმნიშვნელოვნად ცალსახა გადაწყვეტილება და ვინც ამ გადაწყვეტილებას ხმას აძლევს, მას კარგად უნდა ესმოდეს ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური, სამართლებრივი და მორალური ფასი. ვინც მწვანეს მიაჭერთ ხელს და გამოგვიცხადებთ, რომ სამართლებრივ დიქტატურაში ვაპირებთ, რომ გაცხოვროთ და ამ შემთხვევაში ამოიფარებთ კორონავირუსს, ყველას გეუბნებით პირდაპირ, კორონავირუსთან ბრძოლაში თქვენს გვერდში ვარ, მაგრამ თუ თქვენ აპირებთ კორონავირუსთან მეგობრობას, ღმერთმა მაგაზე უკეთესი მეგობარი არ გიშოვოთ“, – აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

მისი თქმით, პარლამენტში შესული კანონპროექტით ავტორიტარიზმის გაფორმება ხდება.

„არავის გაქვთ უფლება, რომ ახლა ავტორიტარული რეჟიმი გააფორმოთ ამ კანონის მეშვეობით. ამიტომ იმ მწვანეზე მიჭერის დროს კარგად მიხვდით, რა პასუხისმგებლობას იღებთ. არანაირი ავადმყოფობა და ეპიდემია არ შეიძლება, ამოიფაროთ და ასეთი პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღოთ. ყველას უნდა ესმოდეს ამის პოლიტიკური და სამართლებრივი ფასი. არ გესმით? ცოტა უფრო მეტად დაიძაბეთ და გაამოძრავეთ თქვენი ნაცრისფერი უჯრედები გონებაში. თუ გესმით და აკეთებთ, თქვენ ძალიან ცუდ რაღაცას უკეთებთ საქართველოს მოსახლოებას და ჩვენი ქვეყნის მომავალს. ამისი ართქმა, თვალში ერთმანეთისთვის არშეხედვა და სიმართლის ბოლომდე ართქმა არასწორია. კარგად გესმოდეთ, რას აკეთებთ. ამას არც „ნაციონალურ მოძრაობას“ უკეთებთ და არც რომელიმე ოპოზიციურ ჯგუფს, ამას უკეთებთ საქართველოს, საქართველოს მოსახლეობას. ამის უფლება არავის გაქვთ“, – აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

მისი თქმით, პარლამენტს აქვს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არის პარლამენტის განსაკუთრებული უფლება.

„პარლამენტი დროებით აძლევს თუ არა ვიღაცას უფლებას, დაამყაროს დროებით სამართლებრივი დიქტატურა, ამაზე ყველამ ერთად უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. როდესაც შენ ამაზე უარს ამბობ და ამას სხვა ინსტიტუციას აძლევს, შენ ცვლი ქვეყანაში პოლიტიკურ, სამართლებრივ და ინსტიტუციურ მოწყობას. ერთი კანონის დონეზე ამის გაკეთება არც მორალურად, არც ინტელექტუალურად და არც სამართლებრივად, არ არის სწორი. ამიტომ ძალიან გთხოვთ, კარგად გაიაზრეთ ამისი მორალური ფასი. იმიტომ, რომ ყველას მოგვიბრუნდება. მე ძალიან მიხარია, რომ არანაირი ვალდებულება არ მაქვს, ამას მხარი დავუჭირო, მაგრამ ვისაც გგონიათ, რომ ასეთი ვალდებულება გაქვთ, იცოდეთ, რომ თქვენ უფრო მეტი ვალდებულება გაქვთ საქართველოს წინაშე და საქართველოს მოსახლეობის წინაშე“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

პარლამენტში პირველი მოსმენით განიხილება საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლითაც შემზღუდავი ღონისძიებების გატარება მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება.