გედევან ფოფხაძე - ყველა თანავუგრძნობთ შვილმოკლულ მამას, გვინდა, გავარკვიოთ, რა მოხდა, თუმცა კარვების დადგმა არასწორია
გედევან ფოფხაძე - ყველა თანავუგრძნობთ შვილმოკლულ მამას, გვინდა, გავარკვიოთ, რა მოხდა, თუმცა კარვების დადგმა არასწორია

პრინციპულად მნიშვნელოვანია, საკითხი არ გადავიდეს ისეთ სივრცეში, რომელიც საერთოდ დაგვაკარგვინებს იმის შესაძლებლობას, რომ მიზანი იყოს მიღწეული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ რუთაველის გამზირზე აქციასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, მიზანი არის მართლმსაჯულების აღსრულება და საქმეზე სამართლიანობის დადგენა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველა თანავუგრძნობთ შვილმოკლულ მამას და ყველას გვინდა, გავარკვიოთ, რა მოხდა, მსგავსი მოთხოვნები ამ პროცესს ძალიან დაგვაშორებს. პოლიტიკოსების მძევლად არ უნდა იქცეს პროცესი. მესმის, რომ შეიძლება ამ კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში არსებობს ეჭვები და ყველას მიმართ შეიძლება პრეტენზია დავაყენოთ, რომ თუ შოთაძე გადადგა, ყველა რატომ არ უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან მაგრამ არის რეალობა. ქვეყანას სჭირდება სამართლებრივი განვითარება, ჩვენ გვჭირდება ძლიერი სახელმწიფო და ამ პროცესში სწორედ იმ მინისტრებს მიმართ პრეტენზიები, რომლებიც ახორციელებდნენ რეფორმებს, მართლა ცდილობდნენ, ქვეყანაში სამართლებრივი გარემო შეეცვალათ, სწორი ნაბიჯებით ქმნიდნენ ქვეყანაში ადამიანის უფლებების მაღალ სტანდარტს, ამ მინისტრების წასვლით ეს საქმე ვერაფერ მოიგებს.  თუ ექნება იმის რწმენა, რომ კონკრეტული საკადრო ცვლილებებით ამ საქმის სასარგებლო შეიძლება რაღაც მოხდეს, შეიძლება ამ მოთხოვნების რელევანტურობაზე მეც ვიფიქრო, მაგრამ არ არის ეს სწორი”, – აღნიშნა ფოფხაძემ.

მისივე თქმით, მთავარი მიზანი არის მართლმსაჯულების აღსრულება და კარვების დადგმა სამართლებრივად არასწორია.

„უნდა ვიფიქროთ მართლმსაჯულების აღსრულებაზე და არა პოლიტიკურ მოთხოვნებზე, რომელიც ამ პროცესს ჩიხში შეიყვანს და დაგვაკარგვინებს მთავარ მიზანს – მიზანი არის მართლმსაჯულების აღსრულება კარვების დადგმა სამართლებრივად არასწორია, არანაირი საჭიროება არ იყო. თუ არ გავლენ სამართლებრივ ჭრილში და არ ითანამშრომლებენ სამართალდამცველ სტრუქტურებთან, პროცესი არაჯანსაღ ხასიათს მიიღებს”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.