გედევან ფოფხაძე - წესები ყოველთვის საჭიროა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დეპუტატები შევზღუდოთ თავიანთ პოლიტიკურ საქმიანობაში და მერე ამხანაგური სასამართლოები მოვუწყოთ
გედევან ფოფხაძე - წესები ყოველთვის საჭიროა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დეპუტატები შევზღუდოთ თავიანთ პოლიტიკურ საქმიანობაში და მერე ამხანაგური სასამართლოები მოვუწყოთ

წესები ნამდვილად საჭიროა არსებობდეს, იმიტომ, რომ მერე გაუგებრობები არ იყოს, მაგრამ ეს წესები არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დეპუტატები შევზღუდოთ თავიანთ პოლიტიკურ საქმიანობაში და მერე ამხანაგური სასამართლოები მოვუწყოთ, – ამის შესახებ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

„დისციპლინაში რა იგულისხმება, ეს ზოგადად ყველამ ჩვენთვის უნდა გავარკვიოთ, იმიტომ, რომ თუ დისციპლინა გულისხმობს იმას, რომ პოლიტიკოსებს არ ჰქონდეთ თავიანთი დამოუკიდებელი აზრი, მაშინ რა თქმა უნდა, ასე საკითხის დაყენება ჩემთვის მისაღები არ იქნება. თუ ეს საკითხი გულისხმობს იმას, რომ უმრავლესობა უნდა იყოს უფრო მეტად ორგანიზებული და რაღაც საკითხების განხილვის პროცედურები ისე უნდა იყოს დადგენილი, რომ ჩვენ ყველას მოგვეცეს საშუალება წინასწარ ზეგავლენა მოვახდინოთ გადაწყვეტილებების მიღებაზე, ამასთან დაკავშირებით მე მაქვს ჩემი აზრი და შემიძლია დავაფიქსირო. თუ უბრალოდ გვინდა, რომ „ქართული ოცნების” მსჯელობის პოზიციები არ გავიდეს საჯარო სივრცეში.

მიმაჩნია, რომ ამით პოლიტიკური პროცესი ზარალდება და რაღაც დონეზე თუ არსებობს განსხვავებული აზრი უმრავლესობაში, საზოგადოებამ ეს უნდა იცოდეს იმიტომ, რომ ეს აბსოლუტურად ნორმალურია, მით უმეტეს საკონსტიტუციო უმრავლესობის არსებობის პირობებში, როდესაც ასეთი დიდი რაოდენობაა უმრავლესობაში დეპუტატების და ფაქტობრივად, ოპოზიციას არ აქვს იმის რესურსი, რომ საპარლამენტო გადაწყვეტილებებზე ზეგავლენა მოახდინოს. ამ შემთხვევაში, რაღაც დონეზე ფილტრი თვითონ საკონსტიტუციო უმრავლესობაში უნდა შეიქმნას იმ მიზნით, რომ იყოს მიღებული სწორი გადაწყვეტილებები და ამ სწორი გადაწყვეტილებების მიღების სწორი ფორმა არსებობდეს“,- განაცხადა ფოფხაძემ.

მისივე თქმით, „თუ ყველაფერი გადაიზრდება პირად გარჩევებში, რა თქმა უნდა, ამით საერთო საქმე დაზარალდება“.

„ამიტომ, ყველაზე სწორი იქნება. საერთო წესებზე ვისაუბროთ, თუ როგორ გვინდა უმრავლესობამ გააგრძელოს ფუნქციონირება ისე, რომ ყველას მიეცეს იქ საშუალება იყოს პოლიტიკოსი და იყოს თავისი სინდისის წინაშე პასუხისმგებელი და არ დაისვას საკითხი, რომ პარლამენტის წევრები შეიძლება გახდნენ რაღაც კონიუნქტურაზე მორგებული ჩინოვნიკები. წესები ყოველთვის საჭიროა, იმიტომ, რომ მერე გაუგებრობები არ იყოს, მაგრამ ეს წესები არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დეპუტატები შევზღუდოთ თავიანთ პოლიტიკურ საქმიანობაში და მერე ამხანაგური სასამართლოები მოვუწყოთ. ეს ნამდვილად არ იქნება პოლიტიკური პროცესისთვის კარგი”, განაცხადა გედევან ფოფხაძემ.