გედევან ფოფხაძე - წერტილი მაშინ დაისმება, როცა 76 დეპუტატი იტყვის - ხმას ვაძლევ მხოლოდ იმ კანდიდატს, რომელიც ღირსეულია
გედევან ფოფხაძე - წერტილი მაშინ დაისმება, როცა 76 დეპუტატი იტყვის - ხმას ვაძლევ მხოლოდ იმ კანდიდატს, რომელიც ღირსეულია

ერთი წლის წინ, როცა მოსამართლეთა უვადო დანიშვნები დაიწყო, კონფერენციაზე ვთქვი ფრაზა, რომელიც არ მოეწონათ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

„იქ მე ვთქვი ასეთი ფრაზა – ჩვენ ვდგავართ ისეთი რეალობის წინაშე, რომ იუსტიციის საბჭო უვადოდ დასაჭერ მოსამართლეებს უვადოდ ნიშნავს მეთქი. ჩემი ფრაზა მათ არ მოეწონათ. იქ იყვნენ ჩინჩალაძეც, მურუსიძეც და გვრიტიშვილიც. იყვნენ ჩემი კოლეგებიც და ვანო ზარდიაშვილმაც მისაყვედურა, რომ ეს არასახელმწიფოებრივი ფრაზა იყო და ჩემი მხრიდან ასეთი რაღაცის თქმა არასწორი იყო“, – განაცხადა ფოფხაძემ.

ამ განცხადებით გედევან ფოფხაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, თუ მას გვრიტიშვილი-ჩინჩალაძე-მურუსიძის ამ პროცესში მონაწილეობა საფრთხედ მიაჩნდა, რატომ არ გაჩნდა მკვეთრი განცხადებები მაშინ, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირება მოხდა და მასში ეს ადამიანები მოხვდნენ.

ირაკლი აბსნაძის შეკითხვაზე, უცდია თუ არა ბიძინა ივანიშვილის პოზიციის გაგება, ფოფხაძემ აღნიშნა, რომ ამ თემებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს თავისი პოზიცია აქვს, მასთან ერთი-ერთზეც უსაუბრია, მაგრამ კონფიდენციალურ საუბრებს საჯაროს არასოდეს გახდის.

„ვერ გეტყვით, რომ მისი პოზიცია ისეთი იყო, ვთქვათ, მე ასე მინდა და სხვანაირად ეს პოზიცია არ მექნება. მას თავისი არგუმენტები აქვს“, – განაცხადა ფოფხაძემ.

მისი თქმით, 2013-2014 წლებში, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობის პოლიტიკური გუნდი ყალიბდებოდა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, თავად მაშინაც ამბობდა, რომ მოსამართლეთა კონფერენციაზე არჩევნები ისე უნდა ჩატარებულიყო, განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეებსაც ვინმე გაეყვანათ, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.

„თეორიულად, ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ კონფერენციაზე სხვანაირი პროცედურები შედგა და ამ პროცედურებმა უზრუნველყო – ყველა ერთი გუნდისთვის მისაღები კანდიდატის გაყვანა. მერე, ნელ-ნელა, სასამართლოდან განდევნეს ორგანიზაცია „მოსამართლეთა ერთობის“ მოსამართლეები, რომლებსაც ამ კლანისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ“, – განაცხადა ფოფხაძემ.

შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა სიის შემადგენლობაში მყოფი მოსამართლეების დღევანდელი განცხადება იმას, რომ მათ პრეტენზია მომავალშიც არ ექნებათ, რაკი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის კონკურენციაში მონაწილეობის მიღებას დღეს არ აპირებენ, ფოფხაძემ აღნიშნა, რომ კვანძი მაშინ გაიხსნება, როდესაც მისი კოლეგები პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწევენ.

„თუ 76 ადამიანი ხმას აძლევს იმ პრინციპულ პოლიტიკურ პოზიციას, რომ უზენაეს სასამართლოში მხოლოდ ღირსეული ადამიანები უნდა იყვნენ, მაშინ კვანძი გახსნილი იქნება. წერტილი მაშინ დაისმება, როცა 76 დეპუტატი იტყვის – მე ხმას ვაძლევ მხოლოდ იმ კანდიდატს, რომელიც ღირსეულია და არა იმას, ვინც ცუდი არ არის“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.