გედევან ფოფხაძე - ვერ ვხვდები ალტერნატივა რატომ ისმება, ხომ შეიძლება ნაძვის ხეც იყოს და ადამიანმაც უზრუნველყოს გამოხატვის უფლება
როდესაც გამოხატვის თავისუფლება საჭიროებს გარკვეულ ფორმებს, მუნიციპალიტეტს აქვს იმის დისკრეცია, შესთავაზოს ალტერნატიული ფორმები და აწარმოოს მოლაპარაკება საპროტესტო ჯგუფთან იმასთან დაკავშირებით, სად და რა ფორმით მოხდება საპროტესტო აქციის ჩატარება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
„შეუძლია მუნიციპალიტეტს მარტივად უთხრას, რომ აქ აქციის ჩატარება მე ხელს მიშლის და იქნებ თქვენი გამოხატვის თავისუფლება გამოავლინოთ სხვა ადგილას. ასეთი მოლაპარაკებები ლეგიტიმურია, აქ ქვეტექსტების დანახვა აბსოლუტურად არასწორია, თუ შენ შეგნებულად არ ცდილობ ამ ქვეტექსტების შექმნას.
რაც შეეხება გუშინ განვითარებულ მოვლენებს, მგონია, რომ აქცენტი უნდა გავაკეთოთ იმაზე, სად უნდა მოხდეს სამართლიანობის დადგენა და იმის გარკვევა, ვინ არის დამნაშავე. თუ ეს უნდა მოხდეს პარლამენტში, მაშინ ეს არასწორი ხედვაა, რადგანაც ჩვენ ვერ გამოვიტანთ განაჩენს.
არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია და მე ვერ დავადგენ იმას, ვინ არის მტყუანი და ვინ მართალი. როდესაც ეპიცენტრი გადადის პოლიტიკურ პროცესზე და გაურბის სასამართლოს, ამით ზარალდება თვითონ საქმეც და პოლიტიკური პროცესიც, რომელშიც შემოდის ისეთი ელემენტები, რომლებიც პოლიტიკურ პროცესს აკარგვინებს აზრს“,- განაცხადა ფოფხაძემ.
გედევან ფოფხაძის თქმით, ხომ არის შესაძლებელი, ნაძვის ხეც იყოს და ადამიანმაც უზრუნველყოს გამოხატვის უფლება.
„უბრალოდ ვერ ვხვდები ალტერნატივა რატომ ისმება, ხომ შეიძლება ნაძვის ხეც იყოს და ადამიანმაც უზრუნველყოს გამოხატვის უფლება. კი ბატონო, ჩვენ შეგვიძლია არ დავდგათ ნაძვის ხეები, გადავკეტოთ გზები და ამით ხაზი გავუსვათ იმას, რომ ჩვენთვის ადამიანია უპირველეს ყოვლისა, ამაში ცუდი არ იქნება, მაგრამ არ მგონია ასეთი ალტერნატივების წინაშე ვიდგეთ“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.