გედევან ფოფხაძე - უმრავლესობის შიგნით ერთმანეთს ჟურნალისტებისა და ინტერვიუების საშუალებით არ უნდა ველაპარაკოთ
გედევან ფოფხაძე - უმრავლესობის შიგნით ერთმანეთს ჟურნალისტებისა და ინტერვიუების საშუალებით არ უნდა ველაპარაკოთ

უმრავლესობის შიგნით ერთმანეთს შუამავალი ჟურნალისტების საშუალებით, ინტერვიუებით არ უნდა ველაპარაკოთ,  დიალოგი და კომუნიკაცია უნდა გვქონდეს და ყველა საკითხი შეიძლება დალაგდეს იმ პროცედურების სწორი გაწერით, რაც უმრავლესობის სრულფასოვანი საქმიანობისთვის საჭიროა,- ამის შესახებ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა კომუნიკაციისთვის გარკვეული წესები არსებობდეს.

„ვინაიდან წესები არ არსებობს, კომუნიკაცია ისეთია პრაქტიკაში, როგორიც არის. წესების არსებობა იმის საშუალებას მოგვცემს, რომ ზუსტად ვიცოდეთ საკითხის განხილვა, მომზადება როგორ ხდება და საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულად რა სტადიაზე ითვლება“,- განაცხადა ფოფხაძემ.

ფოფხაძის განცხადებით, აპირებს, ამ ეტაპზე პროცესის მონაწილე იყოს და საბოლოო გადაწყვეტილება ამ პროცესების შედეგებიდან გამომდინარე მიიღოს.

„მე ვიცი, რომ დღეს უმრავლესობაში არის განწყობა, შეიქმნას უმრავლესობის საქმიანობის და საერთო პოზიციების შეჯერების უფრო დაზუსტებული პროცედურები. უმრავლესობის სხდომა უნდა ჩატარდეს. იქ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რაც საჭირბოროტოდ მიგვაჩნია. კობახიძის გადაყენების საკითხი არასდროს დასმულა და არავინ ამ საკითხზე არც ფიქრობს და არც საუბრობს”,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, თუ საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით ურთიერთობათა წესები  დეპუტატების დამორჩილებისკენ გადაიხრება, ასეთ წესები მიუღებელი იქნება.

“დღეს საუბარია, უმრავლესობაში რა მოხდება  – წავალთ  პოლიტიკოსებისთვის პოლიტიკური სივრცის შექმნის გზით, თუ პოლიტიკოსებს დავუყენებთ საკითხს, რომ  კონიუნქტურაზე მორგებულ ჩინოვნიკებად  გადაიქცნენ. საკითხი თუ ასე წავიდა, რა თქმა უნდა, შეთანხმება ვერ შედგება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დიალოგი უფრო ვიწრო წრეში გადავიტანოთ. დღეს ჩვენი ამოცანაა, უმრავლესობამ იმ საკითხებზე იმსჯელოს, რაც ჩვენი პოლიტიკური გუნდის ეფექტურ, სრულფასოვან მუშაობას ხელს შეუწყობს და არასწორი გადაწყვეტილებების არასწორი ფორმით მიღებას გამორიცხავს”,- განახცადა გედი ფოფოხაძემ.