გედევან ფოფხაძე - თუ გადაწყვეტენ, რომ „ქართულ ოცნებაში“ არ უნდა ვიყო, ისინი გადადგამენ ნაბიჯს გუნდის წინააღმდეგ
გედევან ფოფხაძე - თუ გადაწყვეტენ, რომ „ქართულ ოცნებაში“ არ უნდა ვიყო, ისინი გადადგამენ ნაბიჯს გუნდის წინააღმდეგ

უმრავლესობის დეპუტატი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერის განცხადებაში მთავარ საკითხზე არ არის პასუხი – უჭერს თუ არა მხარს ბიძინა ივანიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების წარდგენილ სიას.

მისი თქმით, ივანიშვილი ამბობს, რომ სიის განხილვის შეჩერება სწორი იყო.

„მთავარი, რაზეც უნდა ყოფილიყო პასუხი განცხადებაში, ეს პასუხი არ არის – უჭერს თუ არა მხარს ბიძინა ივანიშვილი წარმოდგენილ სიას. ის ამბობს, რომ სწორი იყო სიის შეჩერება, სწორია, რომ ფორსირებულად ეს საკითხი არ წყდება, საჭიროა განხილვები, საჭიროა საკითხის მომზადება. ეს ყველაფერი ჩვენი პოზიცია იყო, ჩვენ ფორსირებული განხილვა რომ არ გვინდოდა, მაგიტომაც არ შედგა. გვაინტერესებს ამ სიის მიმართ მისი საჯარო დამოკიდებულება, რადგან გუნდში არიან ადამიანები, რომლებიც ლოიალური არიან წარდგენილი სიის მიმართ და ვართ ადამიანები, რომლებიც პრინციპულად ვეწინააღმდეგებით“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

რაც შეეხება გუნდურობას, დეპუტატის შეფასებით, ეს გამოიხატება იმ პრინციპების ერთგულებაში, რომელითაც „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლის პირველ ოქტომბერს გაიმარჯვა.

„ჩვენი გუნდურობა გამოიხატება იმ ღირებულებებისა და პრინციპების ერთგულებაში, რითაც მოვიგეთ 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნები. ჩემი გუნდი არის ხალხი, რომლებიც ციხეში სანთლით ხელში ლოცულობდნენ ჩვენი გამარჯვებისთვის და ღამეებს ათევდნენ საარჩევნო უბნებთან. ეს არის ჩემი გუნდი. ამ გუნდს არასდროს ვუღალატებ და არ მივატოვებ. ჩემ გუნდს არასოდეს ენდომება სააკაშვილის რომელიმე ინსტიტუციის რეანიმაცია, მით უმეტეს სასამართლოს სახით“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მისი თქმით, ის ბოლომდე ამ გუნდის ერთგული დარჩება.

„ჩემი გუნდი არ არის ვანო ზარდიაშვილი. არაფერი საერთო ვანო ზარდიაშვილთან არ მქონია და არ მექნება ღირებულებების დონეზე. ვინც არის ჩემი გუნდი, ვისთან ერთადაც ვიბრძოდი და ვიბრძვი, იმასთან ბოლომდე ვაპირებ ყოფნას. თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ გედი ფოფხაძე არ უნდა იყოს „ქართულ ოცნებაში“, ისინი გადადგამენ ნაბიჯს გუნდის წინააღმდეგ, ვისთან ერთადაც ვიბრძოდით. ვინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ისინი დაშორდებიან გუნდს და ღირებულებებს“, – განაცხადა დეპუტატმა.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა. განცხადებაში ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ დეპუტატი ეკა ბესელია რამდენიმე დღის განმავლობაში პარლამენტის ბიუროსთვის განცხადების არწარდგენით, აგრეთვე პარლამენტის რეგლამენტის უხეში დარღვევის გზით გედევან ფოფხაძის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩევით გუნდის და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ წავიდა.