გედევან ფოფხაძე - სირიას რუსეთთან ჰქონდა გარკვეული ვალდებულებები და აქედან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება
გედევან ფოფხაძე - სირიას რუსეთთან ჰქონდა გარკვეული ვალდებულებები და აქედან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება

ჩვენ ასადის ხელისუფლებას რუსეთის მსგავსად, სამხედრო მხარდაჭერას ვერ გამოვუცხადებთ, ამიტომ არ მგონია ეს ფაქტი ქართული დიპლომატიის ხარვეზად ჩაითვალოს. ასეთი განცხადება გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შესახებ, ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, რუსეთი არის სირიის სამხედრო მოკავშირე და შესაბამისად, მასთან სირიას გარკვეული ვალდებულებები ჰქონდა, აღნიშნული გადაწყვეტილებაც სწორედ ამიტომ მიიღო.

„ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთმა ანკლავად აქცია და სწორედ ისეთ მოკავშირეებს ეძებს საერთაშორისო სივრცეში, სადაც დიდად არ არის პატივცემული საერთაშორისო ნორმები, ადამიანის უფლებები. ამიტომ, არ მგონია, ამაში რაიმე საგანგაშო იყოს. რუსეთთან სირიას ჰქონდა გარკვეული ვალდებულებები და აქედან გამომდინარე მიიღო ეს გადაწყვეტილება. თუ საქართველო გახდება ჩრდილო კორეის, სირიის და ისეთი სახელმწიფოების მოკავშირე, რომელიც არ ცნობს ადამიანის უფლებებს და გამოდის ძალიან საეჭვო პოლიტიკური დღის წესრიგით, ჩვენ მსოფლიო პოლიტიკურ სივრცეში გავქრებით. ყველასთვის მეგობარი ვერ ვიქნებით. საქართველოს აქვს სწორი საერთაშორისო არჩევანი გაკეთებული, არის თანმიმდევრული და ყველასთვის მოსაწონი ვერ ვიქნებით”,-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.