გედევან ფოფხაძე - შრომის უსაფრთხოების საეჭვო პირობებში ადამიანები არ უნდა მუშაობდნენ
გედევან ფოფხაძე - შრომის უსაფრთხოების საეჭვო პირობებში ადამიანები არ უნდა მუშაობდნენ

„მოქმედ კანონმდებლობაში ვერაფერს ვხედავ ისეთს, რომ მსგავს ვითარებაზე რეაგირების თვალსაზრისით,  ხელისშემშლელი გარემოება იყოს”, – ეს განცხადება უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ ტყიბულში მომხდარი შემთხვევის კომენტირებისას გააკეთა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ არსებობს უსაფრთხოების ნორმები და თუ შახტში  ეს ნორმები დაცული არ არის,  მუშაობა უნდა შეჩერდეს.

„ამას დამატებითი სამართლებრივი რეგულაცია არ სჭირდება. თუნდაც დასაქმების აუცილებლობის მიზეზით, არ შეიძლება ხელი შევუწყოთ მსგავს ტრაგედიებს იმით, რომ არ აღვკვეთოთ შრომის უსაფრთხოების საეჭვო პირობებში ადამიანების მუშაობა. თუ დამსაქმებელი, კონკრეტული საწარმო, კონკრეტული ბიზნესორგანიზაცია ვერ უზრუნველყოფს  თანამშრომლების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას, მუშაობა უბრალოდ არ უნდა ხორციელდებოდეს“,- განაცხადა ფოფხაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მინდელის შახტში დღეს დილით ტრაგედია მოხდა. შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.