გედევან ფოფხაძე – საჭირო თუ იქნება, ბრძოლას შევეწირები, არც ციხის პრობლემა მაქვს, არც ლიკვიდაციის, შეიძლება, ნებისმიერი მსხვერპლის გაღება დაგვჭირდეს, რათა საქართველოს თავისუფლება შევუნარჩუნოთ
საჭირო თუ იქნება, ბრძოლას შევეწირები, არც ციხის პრობლემა მაქვს და არც ლიკვიდაციის, უნდა გავერთიანდეთ იმ განცდით, რომ შეიძლება, ნებისმიერი მსხვერპლის გაღება დაგვჭირდეს, რათა საქართველოს თავისუფლება შევუნარჩუნოთ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, მონობაში ცხოვრებას ამჯობინონ თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი.
„ბევრი რამ ჩვენზეც არის დამოკიდებული. მე პირდაპირ, აბსოლუტურად გულწრფელად შემიძლია, საჯაროდ გითხრათ, რომ სიცოცხლის ფასად ამას დავიცავ, იმიტომ, რომ მე არ მიღირს იმ საქართველოში ცხოვრება, სადაც ეს რეალობა იქნება. არც ციხის პრობლემა მაქვს და არც იმის, რომ რეჟიმი ჩემს ლიკვიდაციას მოახდენს. საჭირო თუ იქნება, შევეწირები ამ ბრძოლას. ეს კარგად მაქვს გათავისუფლებული და მგონია, ამ ფლანგზე ასეთი ადამიანები არიან. ეს თუ იქნება ეროვნული არჩევანი და ვიტყვით, რომ მონობაში ცხოვრებას გვირჩევნია თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი და მე მგონია, რომ ეს არის ჩვენი გენეტიკური კოდის ნაწილი. რა თქმა უნდა, ეს არ არის ეროვნული მაჩვენებელი, მაგრამ ამ საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, მონობაში ცხოვრებას ამჯობინონ თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი. რაც შეეხება ბრძოლის გზებს – უფრო მეტი დისციპლინა ქუჩის პროტესტების დროს, ქუჩის პროტესტის ხარისხის უფრო გაზრდა, მეტი მცდელობა დემონსტრირებისა, რომ მზად ვართ ყველაფერზე წავიდეთ და ამ ნიშნით ხალხის მოზიდვა. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმ განცდით, რომ შეიძლება დაგვიჭირონ, შეიძლება დაგვხოცონ, შეიძლება ნებისმიერი მსხვერპლის გაღება დაგვჭირდეს, რათა საქართველოს მოსახლეობას და მის მომავალს შევუნარჩუნოთ თავისუფლება. ამ განცდით უნდა გაგრძელდეს პროტესტი და ეს უნდა იყოს ძალიან გადამდები და გააზრებული პროტესტი, იმიტომ, რომ ასეთ რეალობაში ცხოვრებას მართლა სჯობს, ბრძოლაში დავიღუპოთ“, – განაცხადა ფოფხაძემ.
მისი აზრით, აჯანყებისგან, რევოლუციისგან, სახალხო მღელვარებისგან საზოგადოება მაშინ არის დაზღვეული, როდესაც ქვეყანაში სამართლებრივ გარემოა.
ფოფხაძის თქმით, ხალხს როდესაც ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის უფლებას წაართმევ, ეუბნები, რომ ქვეყნის თავისუფლება გადის აჯანყებაზე და არა არჩევნებზე.
„ფასი ძალიან მძიმეა. აქ უკვე რეპუტაციულ ზიანზე არ არის მარტო საუბარი. როცა თქვენ საარჩევნო დემოკრატიას აუქმებთ, თქვენ ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლის სამართლებრივ სივრცეს უკლავთ და ხალხი რჩება მარტო ერთი ფორმით პოლიტიკური ბრძოლის შესაძლებლობის წინაშე. მე კარგად ვიცი ტერორიზმის საფუძვლები და ეს რატომ ჩნდება?! თავისთავად, ეს ცუდია, ბოროტებაა, მაგრამ, როგორც წესი, ამის პროვოცირება არის განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებისთვის პოლიტიკური სივრცის წართმევა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ აჯანყებისგან, რევოლუციისგან, სახალხო მღელვარებისგან დაზღვეული ვართ მაშინ, როდესაც ჩვენ ვქმნით ქვეყანაში სამართლებრივ გარემოს. როდესაც ქვეყანაში არის კონსტიტუციური წეს-წყობილება და არის იმის შესაძლებლობა, ხელისუფლება არჩევნების გზით შეცვალო, მაშინ ნებისმიერ სხვა გზაზე საუბარი არის ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი შეფასების საგანი. როცა შენ ამას ხალხს წაართმევ, იქ უკვე, პირიქით, არ უტოვებ სხვა შანსს, პირდაპირ ეუბნები, რომ ქვეყნის თავისუფლება გადის აჯანყებაზე და არა არჩევნებზე“, – განაცხადა ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში.