გედევან ფოფხაძე პარლამენტის განათლების კომიტეტს ტოვებს
გედევან ფოფხაძე პარლამენტის განათლების კომიტეტს ტოვებს

დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს  ტოვებს.

როგორც კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ფოფხაძემ განაცხადა, აპარატი სხდომების გაცდენის გამო აჯარიმებს, რაც „ქართული ოცნების” მხრიდან მისი პოლიტიკური დევნის ფორმაა.

„შეუძლებელია, კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობა მივიღო. ბიუროს მივმართავ და კომიტეტს დავტოვებ. თქვენი პოლიტიკური ძალა არის სულმდაბალი და მორალდაცლილი“, – განაცხადა ფოფხაძემ.

ამასთან, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა ხაბარელმა განაცხადა, რომ გაცდენების გამო, სხვა დეპუტატებიც დაჯარიმდნენ.

„გედევან ფოფხაძის გამოსვლა უსაფუძვლო იყო. ამ დარბაზში არიან სხვებიც, ვინც დაჯარიმდნენ“, – აღნიშნა ხაბარელმა.

რეგლამენტის შესაბამისად, დეპუტატები ჯარიმდებიან როგორც პლენარული სხდომების გაცდენის გამო, ასევე კომიტეტების სხდომის გაცდენის გამო.