გედევან ფოფხაძე - მოთხოვნის შემთხვევაში, მზად ვარ, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს შევხვდე
გედევან ფოფხაძე - მოთხოვნის შემთხვევაში, მზად ვარ, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს შევხვდე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე მზადყოფნას გამოთქვამს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების მოთხოვნის შემთხვევაში, მათ შეხვდეს.

ჟურნალისტებთან საუბარში გედევან ფოფხაძე დაჭრილის ოჯახის მიერ გამოთქმულ ვარაუდს გამოეხმაურა, რომ მათ ოჯახში სპეცოპერაცია შესაძლოა შეცდომით ჩატარდა.

„თუ ოჯახს შეხვედრის სურვილი ექნება, მათთან შეხვედრის პრობლემა არ გვექნება. თუ რაღაც ეტაპზე საჭირო იქნება, საგამოძიებო ორგანოებთანაც დახურულ ფორმატში შეხვედრა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ამის გამოცდილება აქვს. ყველა მსგავს მოვლენას თან საგამოძიებო პროცედურები ახლავს. მესმის, რომ რაც მოხდა, ოჯახისთვის პირადი ტრაგედიაა და მათ პირადად შეეხოთ. ამ შემთხვევაში, ოჯახის უფლებებიც უნდა გავითვალისწინოთ და სახელმწიფოს უსაფრთხოებაც. ადამიანის უფლებების კომიტეტს გამოცდილება აქვს და შეუძლია, საკითხი დახურულ ფორმატში შეისწავლოს და კითხვებზე ვიმსჯელოთ, რომელიც შეიძლება სპეცოპერაციის დროს გაჩნდეს. ასეთი ფაქტების მიმართ კომიტეტი გულგრილი არასოდეს ყოფილა და ასეთი კითხვების იგნორს არ ვაპირებთ“, – განაცხადა გიორგი ფოფხაძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფო ტერორიზმს უნდა ებრძოლოს და ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

„მაგრამ ამ პროცესში ადამიანის უფლებები ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ორ საჯარო ინტერესს შორის ბალანსი დაცული უნდა იყოს”, – განაცხადა ფოფხაძემ.