გედევან ფოფხაძე გუშინდელი განცხადების გამო, კოლეგებს ბოდიშს უხდის
გედევან ფოფხაძე გუშინდელი განცხადების გამო, კოლეგებს ბოდიშს უხდის

უმრავლესობის დეპუტატი გედევან ფოფხაძე „ქართული ოცნების“ დატოვებას არ აპირებს და აცხადებს, რომ ეცდება, თანაგუნდელები დაარწმუნოს, დეპუტატ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება შეცვალონ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფოფხაძემ დღეს განუცხადა.

ამასთან, დეპუტატმა მის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება განმარტა და აღნიშნა, რომ განცხადებები ემოციურ ფონზე კეთდებოდა.

„გუშინ ემოციურ ფონზე კეთდებოდა განცხადებები და მინდა, საზოგადოებამაც და თანაგუნდელებმაც გააზრებულად და მშვიდ ვითარებაში იმსჯელონ ამ საკითხებზე და მშვიდი გადაწყვეტილებები მივიღოთ. პოზიცია, რაც პარტიის პოლიტსაბჭოს ბიურომ დააფიქსირა, არ არის ბოლო ინსტანცია, რადგან გადაწყვეტილება შეიძლება, დავით ჭიჭინაძემ პოლიტსაბჭოში სადაო გახადოს და მაშინ პარტიის თავმჯდომარესაც მიეცემა საშუალება, ამ პროცესში მონაწილეობა მიიღოს“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ამასთან, მისი თქმით, თუ გუნდში არის განსხვავებული აზრები, პოზიციები გუნდის შიგნითვე უნდა შეჯერდეს.

ფოფხაძის თქმით, მისი გუშინდელი განცხადებები გადაჭარბებული და ემოციური იყო, რისთვისაც ბოდიშს იხდის.

„ხაზგასმით ვამბობ, რომ გუშინდელი ჩემი განცხადებები იყო გადაჭარბებული და ემოციური. ამისთვის ბოდიშს ვუხდი ჩემს კოლეგებს და მინდა, მათაც გაითვალისწინონ ეს. საერთოდ, ბოდიშების მოხდა პრობლემად არ მიმაჩნია, მაგრამ ამას ჩემი მხრიდან ქრონიკული ხასიათი არასდროს ექნება. ვაკეთებ, რადგან მინდა, ჩემმა კოლეგებმაც გაითვალისწინონ, რომ გვჭირდება დიალოგი და ერთმანეთს გული არ უნდა ვატკინოთ და საერთო პოზიციები უნდა გავითვალისწინოთ“, – განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, ის მიიჩნევს, რომ ჯერ კიდევ არსებობს რესურსი, დავით ჭიჭინაძე „ქართული ოცნების“ გუნდის წევრად დარჩეს.

„თუ ვინმეს რამე წყენა აქვს კერძო საუბრებზე და რაღაც განცხადებების გამო,  ეს უნდა შეჯერდეს. ჩვენი ამოცანა არის საპარლამენტო რესპუბლიკის შექმნა, რაც ნიშნავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული აზრთა სხვადასხვაობა ქვეყნის ცხოვრების პოლიტიკური გენერატორი უნდა იყოს. ამიტომ, პოზიციები უნდა შეჯერდეს, დიალოგი გაგრძელდეს და არ მგონია, რომ ეს პროცესი დავით ჭიჭინაძის გარეშე უნდა წარიმართოს“, – აცხადებს გედევან ფოფხაძე.

კომკავშირთან დაკავშირებულ კითხვაზე კი, გედევან ფოფხაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მან გუშინ ემოციური განცხადება გააკეთა და ეწყინა, რომ პარტიის გადაწყვეტილება ჟურნალისტებისგან გაიგო.

„ეს იყო ემოციური რეაქცია ინფორმაციაზე, რომელიც მივიღე. ეს ხომ ისედაც უტრირებული შეფასებაა, რაზეა საუბარი, ხშირად გამომითქვამს განსხვავებული აზრი, გუნდის შიგნითაც და გუნდის გარეთაც მქონია განსხვავებული პოზიცია გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. ეს არასდროს გამხდარა ჩემს მიმართ რამე დისკომფორტის საფუძველი, თუნდაც ბოლო მოვლენებიც გახსოვთ. ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას“ აქვს რესურსი, პოლიტიკური დიალოგის ფორმატში გააგრძელოს ერთიან გუნდად მუშაობა, საუბარი, ურთიერთობა. ვინც ამას ხელს შეუშლის, მოგვთხოვონ, არ არის პრობლემა. ეს ფორმატი უნდა არსებობდეს რეალურად. მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებით ეს რესურსი გაგვეზარდა და მინდა, ამ შემთხვევაშიც გამოჩნდეს“, – ამბობს გედევან ფოფხაძე.

რაც შეეხება იმას, მოსალოდნელია თუ არა, რომ ფოფხაძემ პარტია „ქართული ოცნება“ დატოვოს ან პარტიამ მიიღოს მის მიერ გუნდის დატოვების გადაწყვეტილება, დეპუტატი ამბობს, რომ შესაძლოა, ეს საკითხი პარტიამ დააყენოს.

„შეიძლება მათ დააყენონ ეს საკითხი, მაგრამ მესმის მათი. ამიტომ მათ წყენინებას არ ვაპირებდი, ბოდიშს ვუხდი, მაგრამ იმედია, ისინიც გაიგებენ, მე ადამიანურად მეწყინა, ინფორმაცია საკითხის ასე გადაწყვეტის თაობაზე გავიგე ჟურნალისტებისგან და უმრავლესობის წევრთან მიმართებაში როცა საკითხი წყდებოდა, არ გვქონდა საშუალება რამე ფორმით აზრი გამოგვეთქვა“, – განაცხადა ფოფხაძემ.

მისი თქმით, პოლიტსაბჭომ უნდა გაითვალისწინოს, რომ გუნდში შეიძლება არსებობდეს განსხვავებული აზრები, გარკვეული წყენები, მაგრამ მიზანი – ძლიერი ქართული სახელმწიფო, რომელსაც გუნდი ემსახურება, ამაზე მნიშვნელოვანია.

დეპუტატი გედევან ფოფხაძე გუშინ პარტია „ქართული ოცნებიდან“ უმრავლესობის დეპუტატ დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „შეუძლიათ პარტიას „ქართული ოცნების“ ნაცვლად, კომკავშირი ან კომპარტია დაარქვან“.