გედევან ფოფხაძე - გამიჩნდა განცდა, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ხელისუფლებისგან ზეწოლა ხორციელდება
გედევან ფოფხაძე - გამიჩნდა განცდა, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ხელისუფლებისგან ზეწოლა ხორციელდება

სახელმწიფოს მხრიდან დემარში ბიზნესთან მიმართებით არის მთავარი პრობლემა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საქმეზე კომენტირებისას განაცხადა.

„ამ ეტაპზე ძალიან ფრთხილი უნდა ყოფილიყო ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებების მიღების დროს. არ არის საუბარი, ვის რა დამოკიდებულება აქვს მამუკა ხაზარაძესთან ან ჯაფარიძესთან პერსონალურად. სახელმწიფო რამდენად სწორია. ჩემი აზრით, სახელმწიფოს მხრიდან ასეთი დემარში ბიზნესთან მიმართებით არის მთავარი პრობლემა. მე მგონია, რომ ეს ძალიან ჰგავს იმას, რაც ხდებოდა 2011 წელს, რაც ხდებოდა ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. ეს პარალელები იწვევს ჩემში ყველაზე დიდ უკმარისობის განცდას. თუ უნდა მამუკა ხაზარაძეს პოლიტიკაში მოსვლა, მოვიდეს და მერე გავარკვიოთ ქვეყნისთვის და ხალხისთვის მას რა აქვს შესათავაზებელი და რამდენად პოზიტიური იქნება მისი შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში. თუ არ აპირებს შემოსვლას, მაშინ ანაკლიის თემასთან მიმართებაში ძალიან ფრთხილი უნდა იყოს ხელისუფლება. თუ იქ რაიმე ისე ვერ წავიდა, როგორც საჭიროა, მაშინ ხელისუფლების პასუხისმგებლობაც არის. ეს არ არის მარტო მამუკა ხაზარაძის კერძო თემა, ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი და თანმიმდევრული უნდა ყოფილიყო ხელისუფლება ამასთან დაკავშირებით. თუ რამე არასწორად გაკეთდა, იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, პასუხი ვის მოვთხოვოთ, არამედ იმაზე, რომ ეს პროცესი არ დაზარალდეს“, – აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

მისივე თქმით, ცალსახად გაუჩნდა განცდა, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ხელისუფლებისგან ხორციელდება ზეწოლა.

„ხაზს ვუსვამ, რომ ანალოგიას ვაკეთებ ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში, რასაც აკეთებდა სააკაშვილი, როცა ივანიშვილმა განაცხადა პოლიტიკური ამბიცია. ეს ანალოგიაა ყველაზე შემაშფოთებელი, რადგან თუ ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიაზე და იმაზე, რომ ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება 2020 წელს, ვინ უნდა და რა პოლიტიკური მომავალი უნდა ჩვენი ქვეყნისთვის, მაშინ ასეთი პოლიტიკური ფონი არ უნდა იყოს. თუ ვინმე აპირებს საარჩევნო ხმების ყიდვას და ეშინია კონკურენტის, სწორედ ამ სივრცეში რომ ფულიანი ადამიანი არ გამოჩნდეს, ეს ცალკე პრობლემაა. არჩევნებისა და ამომრჩევლის მოსყიდვა ძალიან დიდი დანაშაულია , მაგრამ კონკურენცია ამ თვალსაზრისით თუ ვინმეს აშინებს, ეს კიდე ცალკე პრობლემაა“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

დატოვე კომენტარი