გედევან ფოფხაძე - ჩვენი ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ხაზი გაესვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პოლიტიკის რეალურ სახეს
გედევან ფოფხაძე - ჩვენი ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ხაზი გაესვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პოლიტიკის რეალურ სახეს

ჩვენი ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ხაზი გაესვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პოლიტიკის რეალურ სახეს და მივიღოთ საერთაშორისო მხარდაჭერა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რუსეთის გენერალური პროკურატურიდან მისი ოჯახისთვის გაგზავნილ წერილი ძალიან ცინიკურია.

„რუსეთს აქვს ასეთი პოზიცია არჩეული, რომ როცა უნდა გვესაუბრება საერთაშორისო ნორმის სტანდარტებით,  რეალურად ცხინვალში რომ ისაა ოკუპანტი და ავტორი იმ ანკლავის, რომელიც იქ შეიქმნა, ამ რეალობას რუსეთი არასდროს არ აღიარებს. მაგრამ ამ რეალობას ხედავს მთელი მსოფლიო. ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად მთელი ეს პროცესი მოვაქციოთ მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ცენტრში და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ხაზი გაესვას რუსეთის პოლიტიკის რეალურ სახეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მივიღოთ საერთაშორისო მხარდაჭერა, რაც მოგვცემს საშუალებას, გავათავისუფლოთ მოქალაქეები ძალადობრივი რეჟიმისგან”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე მისმა ოჯახმა და ადვოკატებმა რუსეთის გენერალური პროკურატურიდან წერილი მიიღეს. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ პრეზიდენტის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, რუსეთის გენერალური პროკურატურის წერილში განმარტებულია, რომ „სამხრეთ ოსეთი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და რუსეთი არ ერევა მათ საქმიანობაში“.