გედევან ფოფხაძე - ჩემი მოსაზრება იყო, რომ როსტომ ჩხეიძეს მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში კენჭი უნდა ეყარა
გედევან ფოფხაძე - ჩემი მოსაზრება იყო, რომ როსტომ ჩხეიძეს მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში კენჭი უნდა ეყარა

დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ მწერალი როსტომ ჩხეიძე, რომელიც ტელეკომპანია „იბერიის“ დამფუძნებლის, ნატო ჩხეიძის ძმაა, პოლიტიკაში უნდა იყოს.

როგორც გედევან ფოფხაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მისი მოსაზრება იყო, რომ როსტომ ჩხეიძეს მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში კენჭი უნდა ეყარა.

„თუ როსტომის მიმართ ჩემი დამოკიდებულება გაინტერესებთ, გეტყვით, რომ მე და როსტომ ჩხეიძე დიდი ხნის მეგობრები ვართ. ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, როცა გავიცანი. ბორჯომში ჩამოდიოდა ხოლმე. მაშინ ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოება დააფუძნა, რომელშიც სტუდენტობის დროს გავწევრიანდი. მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა და წლებია, ვმეგობრობთ. 2003 წელს, როცა „იბერია” დაიხურა, ყველა აქციაში ვმონაწილეობდი, როსტომთან ერთად შეხვედრებზე დავდიოდი.

ეს ადამიანი ძალიან ღირსეულია, პატივს ვცემ მის განათლებას. მიმაჩნია, რომ როსტომ ჩხეიძე ძალიან ღირსეული ადამიანია და თუ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში აქტიურად ჩაერთვება, ამით ეს პროცესი მხოლოდ მოიგებს. ქართულ პოლიტიკაში ასეთი ადამიანი რაც უფრო მეტი იქნება, ეს იქნება საპირწონე იმ მოლაპარაკე თავების, პოლიტიკაში რა ღირსებით და პრინციპებით არიან, თვითონაც რომ არ იციან“, – აღნიშნა ფოფხაძემ.

მისივე თქმით, კენჭისყრაზე შეთავაზება დაგვაგვიანდა, საარჩევნო პერიოდი კარზე იყო მომდგარი და ადამიანს გადაწყვეტილების მიღება ფორსმაჟორში უწევდა.

„როსტომ ჩხეიძის დასთან, დეპუტატ ნატო ჩხეიძესთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტში არჩევისას ნატოს დავურეკე, საზღვარგარეთ მიფრინავდა, ბილეთი გადაცვალა და მოვიდა, რომ ჩემთვის ხმა მოეცა. როსტომის სიძეს, ზაზა ოქუაშვილს კი, საერთოდ არ ვიცნობ“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

საკითხის კომენტირებისგან თავი შეიკავა თავად როსტომ ჩხეიძემ.

„რაც თქვა გედიმ, სრულიად საკმარისია. არ მიმაჩნია ამაზე ლაპარაკი საჭიროდ“, – აღნიშნა მან.

დატოვე კომენტარი