გედევან ფოფხაძე - ბიძინა ივანიშვილმა უნდა დაასაბუთოს, რატომ ხდება ცვლილებები და რა იქნება პერსპექტივაში  
გედევან ფოფხაძე - ბიძინა ივანიშვილმა უნდა დაასაბუთოს, რატომ ხდება ცვლილებები და რა იქნება პერსპექტივაში  

ქვეყანაში ძალიან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და თუ ვინმე იცვლება, მკვეთრი არგუმენტები უნდა არსებობდეს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ფოფხაძე მიიჩნევს, რომ მინისტრის შეცვლის გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია.

„ძალიან მინდა, დინჯი და გონიერი სახით რამე ჭკვიანური გითხრათ, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება. ქვეყანაში ძალიან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და თუ ვინმე იცვლება, მკვეთრი არგუმენტები უნდა იყოს. ვფიქრობ, ხელისუფლება ეკონომიკის მიმართულებას თვითდინებაზე უყურებს და იმედია აქვთ, ღმერთი არ გაგვწირავს. ამ რეალობის გათვალისწინებით, თავს უიმედოდ ვგრძნობ“, – განაცხადა ფოფხაძემ.

დამოუკიდებელი დეპუტატი კითხვებზე პასუხს „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილისგან ითხოვს.

„იყო დრო, ბიძინა ივანიშვილი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ ძალიან ლოიალური იყო. ამ ბოლო დროს ძალიან აგრესიული გახდა. ეს ყველაფერი თავად უნდა ახსნას. საზოგადოებაში უნდა გამოჩნდეს და კითხვებს უპასუხოს. უნდა დაასაბუთოს, რატომ ხდება ეს ცვლილებები და რა იქნება პერსპექტივაში. ბიძინა ივანიშვილია ინფორმაციის რეალური წყარო და კითხვებს პასუხები უნდა გასცეს“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

გიორგი ქობულიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა. მინისტრად ნათია თურნავა დაინიშნა, რომელიც მანამდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.