გედევან ფოფხაძე - არასწორი იქნება პრეცედენტის დაშვება, რომ გუნდიდან წევრი ამ ფორმით წავიდეს
გედევან ფოფხაძე - არასწორი იქნება პრეცედენტის დაშვება, რომ გუნდიდან წევრი ამ ფორმით წავიდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე მომხრეა, დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის საკითხზე მსჯელობა უმრავლესობისა და პოლიტსაბჭოს ფორმატში გაიმართოს.

როგორც ჟურნალისტებს ფოფხაძემ განუცხადა, არასწორი იქნება პრეცედენტის დაშვება, რომ გუნდიდან წევრი ამ ფორმით წავიდეს.

„ვფიქრობ, ეს საკითხი მსჯელობის საგანი უნდა იყოს, როგორც უმრავლესობის, ასევე პოლიტსაბჭოს სხდომაზე. გადაწყვეტილება პიროვნული წყენის საფუძველზე არ უნდა იქნეს მიღებული. პოლიტსაბჭოს შეუძლია, გადაწყვეტილება გააუქმოს და ვფიქრობ, ეს საკითხი სულ მცირე, მსჯელობის საგანი უნდა იყოს”, – განაცხადა ფოფხაძემ.

დეპუტატის შეფასებით, თუ ჭიჭინაძის საკითხი პოლიტსაბჭოზე განიხილება, საკუთარი პოზიციის გამოხატვის საშუალება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსაც ექნება.

„თუ გუნდიდან წევრის გაშვების საკითხს ვსვამთ, ეს პრინციპული განხილვის საგანი უნდა იყოს. წინასწარ სტანდარტი უნდა ვიცოდე, რატომ დგება გუნდიდან ჩემი წასვლის საკითხი.  გუნდის შიგნით დიალოგი უნდა შედგეს. თუ განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს, აზრების შეჯერების ეფექტიანი ფორმატი უნდა გვქონდეს.  ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც უნდა დაიძლიოს, სწორედ ფორმატია. ბიძინა ივანიშვილს პიროვნული ავტორიტეტი და რესურსი აქვს, რომ მედიაციის დონეზე, გუნდში არსებული კონფლიქტები გადაჭრას ან მოწინააღმდეგეების შეჯერება უზრუნველყოს. ჩვენი ერთ-ერთი პრობლემა იყო, რომ საკითხების სრული განხილვის ფორმატი არ გვქონდა და ამაზე უნდა ვიფიქროთ და არა გუნდის წევრების შემცირებაზე“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მისი თქმით, საჭიროა, გუნდის შიგნით კომუნიკაციას უზრუნველსაყოფად შესაბამისი ფორმატი შეიქმნას.

„ქართულმა ოცნებამ“ დეპუტატ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება 18 ივლისს მიიღო.