გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობაში მონაწილე კომპანიებს შესაძლოა, აშშ-მა სანქციები დაუწესოს
გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობაში მონაწილე კომპანიებს შესაძლოა, აშშ-მა სანქციები დაუწესოს

გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობაში მონაწილე კომპანიებს შესაძლოა, აშშ-მა სანქციები დაუწესოს. „დოიჩე ველეს“ ცნობით, მათ შორის მოხვდებიან ევროპული კომპანიებიც ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჰეზერ ნოიერტმა გააკეთა.

„ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ფირმები, რომლებიც რუსულ ენერგეტიკულ სფეროში მუშაობენ, შესაძლოა, მოხვდნენ აშშ-ის სანქციების სიაში, რასაც აგვისტოში დამტკიცებული კანონი ითვალისწინებს”, – განაცხადა ნოიერტმა.

კანონს „აშშ-ის მეტოქეებისთვის სანქციების გზით წინააღმდეგობის გაწევის შესახებ“ ტრამპმა 2017 წლის ზაფხულში მოაწერა ხელი. ევროპული კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობა ამ დრომდე სადავო საკითხად რჩება.

„აშშ-ის მთავრობა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ გამოდის. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს პროექტი ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და სტაბილურობას ძირს უთხრის. ის აძლევს რუსეთს კიდევ ერთ ბერკეტს, რომ მოსკოვმა ევროპის ქვეყნებზე ზეწოლა მოახდინოს, განსაკუთრებით ეს ეხება უკრაინას.“ – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

აღსანიშნავია, რომ მარტის შუა რიცხვებში 39-მა ამერიკელმა სენატორმა მოუწოდა დონალდ ტრამპს გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი“, რომ ხელი შეუშალოს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობას.

შესაბამისი მოთხოვნის შემცველ წერილს ხელს 28 რესპუბლიკელი სენატორიც აწერს. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გარშემო აზრთა სხვადასხვაობა არსებობს ევროკავშირშიც. ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ნაწილი პროექტის რეალიზაციის წინააღმდეგ გამოდის. აღნიშნული გაზსადენის მშენებლობის შემდეგ რუსული გაზი ევროპაში უკრაინის გვერდის ავლით მოხვდება.