დოკუმენტი გაზსაცავის მშენებლობის დაფინანსებაზე შესაძლოა, წლის ბოლოს გაფორმდეს
დოკუმენტი გაზსაცავის მშენებლობის დაფინანსებაზე შესაძლოა, წლის ბოლოს გაფორმდეს

საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის დაფინანსებაზე ხელშეკრულების გაფორმებას ევროპის საინვესტიციო ბანკში წლის ბოლოს ან 2019 წლის დასაწყისში ვარაუდობენ.

„ჯერ კიდევ შეფასების პროცესში ვართ. ინვესტიციის მოცულობა ჩვენი მხრიდან დაახლოებით 100 მილიონი ევროა. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას. შესაძლებელი იქნება გაზის მნიშვნელოვანი მოცულობის შენახვა, რაც გაზმომარაგების სტაბილურობას ნიშნავს. ამას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ჩვენ იმაზე ვართ დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად იმუშავებს ქართული მხარე. გუშინ ეს საკითხი ეკონომიკის მინისტრთან განვიხილეთ. შეთანხმებას შესაძლოა, ხელი მოვაწეროთ წლის ბოლოს ან 2019 წლის დასაწყისში“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა.

გაზსაცავის მშენებლობა თბილისთან ახლოს, სამგორის სამხრეთი თაღის დაცლილ, დამუშავებულ ნავთობის საბადოზე იგეგმება. ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 250 მილიონ დოლარს გადააჭარბებს და მასში 300 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი.