გაზის ტრანსპორტირების კომპანია - გაზიფიცირების პროექტი დუშეთის მუნიციპალიტეტის 11 დასახლებულ პუნქტში მიმდინარეობს
გაზის ტრანსპორტირების კომპანია - გაზიფიცირების პროექტი დუშეთის მუნიციპალიტეტის 11 დასახლებულ პუნქტში მიმდინარეობს

ეკონომიკის სამინისტროს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, აქტიურად განაგრძობს გაზიფიცირების პროექტების განხორციელებას.

გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოები მიმდინარეობს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის დუშეთის მუნიციპალიტეტის 11 დასახლებულ პუნქტში.

კერძოდ, გოგნაურში, მანასეულში, ხარხეთში, სალაჯურში, პავლეურში, ცივწყაროში, დოლასქედში, ჯუღისი-ვაშლობში, ჩირდილელიანთკარში, გრიგოლიანთკარსა და ჩუბინიანთკარში პროექტის ფარგლებში ჯამურად აშენდება 46 491 გრძივი მეტრი გაზსადენი, რაც 613 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ამჟამად, დასრულებულია დუშეთის, თიანეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების 25 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში, აშენდა 175 254 გრძივი მეტრი გაზსადენი და 2 213 აბონენტს საშუალება მიეცემა, ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.

მთავრობის მიერ დამტკიცებული გაზიფიცირების სამწლიანი მასშტაბური გეგმის ფარგლებში, 2019-2021 წლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სულ გაზიფიცირდება 36 დასახლებული პუნქტი, რაც მოიცავს 2826 აბონენტს.

გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდა სამი მუნიციპალიტეტის 39 დასახლებულ პუნქტში. სამუშაოების შედეგად აშენდა 273 170 გრძივი მეტრი გაზსადენი და გაზიფიცირდა 3 739 აბონენტი.

დატოვე კომენტარი