გაზის იარაღის ტარება დასაშვები იქნება, თუმცა აიკრძალება მისი ღიად და გამოსაჩენად ტარება, ასევე საჯარო სივრცეში დემონსტრირება
გაზის იარაღის ტარება დასაშვები იქნება, თუმცა აიკრძალება მისი ღიად და გამოსაჩენად ტარება, ასევე საჯარო სივრცეში დემონსტრირება

გაზის (აირის) იარაღის ტარება დასაშვები იქნება, თუმცა აკრძალული იქნება ამ სახის იარაღის ღიად და გამოსაჩენად ტარება, ასევე საჯარო სივრცეში მისი დემონსტრირება. შესაბამისი ცვლილებები „იარაღის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება პარლამენტში უკვე მოხდა.

კანონროექტში აღნიშნულია, რომ ვინაიდან, გაზის (აირის) იარაღი წარმოადგენს თავდაცვის იარაღს და მას გააჩნია თავდაცვითი ფუნქცია, მისი რეგისტრაცია ხორციელდება ტარების უფლებით და დასაშვები უნდა იყოს ფიზიკური პირის მიერ მისი ტარება, თუმცა კონკრეტული წესების დაცვით. შესაბამისად, ახალი რეგულაციით განისაზღვრება, რომ დაუშვებელი იქნება გაზის (აირის) იარაღის ღიად, გამოსაჩენად ტარება, ასევე საჯარო სივრცეში მისი დემონსტრირება.

ამასთან, დასაშვები ხდება ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის გამოყენება მხოლოდ კონკრეტული მიზნით – თეატრალურ წარმოდგენებში, კინო და სატელევიზიო ჩვენებებში, ისტორიულ რეკონსტრუქციებში, აღლუმებსა და სპორტულ ღონისძიებებში.

ამ სახის იარაღთან მიმართებაში, კანონპროექტში დაკონკრეტებულია, რომ მას არ გააჩნია თავდაცვითი ფუნქცია, შესაბამისად, დაუშვებელი იქნება ასეთი იარაღის ფიზიკური პირის მიერ ტარება.

„სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს ხმოვანი იარაღის გამოყენებით განხორციელდა 18 ყაჩაღობა, ხოლო 2021 წელს (მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებით) – 8 ყაჩაღობა. 2020 წელს ხმოვანი იარაღის გამოყენებით ჩადენილი იყო 24 სხვა ძალადობრივი დანაშაულის ფაქტი, ხოლო 2021 წელს – 12 სხვა ძალადობრივი დანაშაული მთელი საქართველოს მასშტაბით. 2020-2021 წლებში 755 საქმეზე ამოღებული იყო გაზის (აირის), ხმოვანი და პნევმატური იარაღი. პრაქტიკამ ცხადყო, რომ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის გამოყენებითაც, რომელიც მხოლოდ ფუჭ/ცარიელ ვაზნებს ისვრის, შესაძლებელია წარმატებით განხორციელდეს ძალადობრივი დანაშაულების ჩადენა. დამნაშავე ასეთი იარაღითაც ახერხებს დაზარალებულის ნების დათრგუნვას და მისი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის უნარის პარალიზებას. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული იარაღების თავისუფალი, შეუზღუდავი დემონსტრირება ან საჯარო სივრცეში მისი გასროლა ასევე ნებისმიერ მოქალაქეს სუბიექტურად უჩენს შიშის განცდას, მოქალაქე მოკლებულია შესაძლებლობას, ერთმანეთისგან გაარჩიოს ხმოვანი და ცეცხლსასროლი იარაღი. ასეთ სიტუაციაში ნებისმიერი პირი იმყოფება ექსტრემალურ ვითარებაში“, – აღნიშნულია კანონპროექტში.