გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა
გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა.

ბრალდებულის უფლებადამცველი სოსო ჯალაღონია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ადვოკატი ბრალდებულის მიმართ არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა.

დაზარალებულის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. საია-ს ზუგდიდის ოფისის მენეჯერის, ჯემალ ჭკადუას განცხადებით, ფაქტი 27 ნოემბერს მოხდა, დაზარალებულს ჩვენება მისი თანდასწრებით ჩამოართვეს, საქმეზე დანიშნულია ექსპერტიზა. ჯემალ ჭკადუას საქმის სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.

შსს-ს ჩხოროწყუს პოლიციის თანამშრომელი ა. დ. 5 დეკემბერს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი.

ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში ჩატარდა.