გასულ წელს 6 000-მდე რუსი, „მაუსის“ ერთი დაწკაპუნებით, ესტონელი გახდა. რატომ?
ესტონეთის მმართველი კოალიციის, „რეფორმა-ეესტი 200“-ის წევრები სამუშაო ვიზიტით ნარვაში იმყოფებოდნენ და მთელი დღე ნარვის ესტონურ გიმნაზიაში გაატარეს / ფოტოს ავტორი: რაულ მეე
გასულ წელს, ესტონეთში ეთნიკური კუთვნილება, ოფიციალურად, 5 782-მა ადამიანმა შეიცვალა და რუსის ნაცვლად, ესტონელი გახდა. ყოველკვირეული გამოცემა „მაალეჰტის“ ცნობით, 2025 წელს ქვეყანაში ეროვნება, მთლიანობაში, 9 632-მა პირმა გამოიცვალა.
ეროვნების შეცვლა პიროვნული იდენტობის განმსაზღვრელი ნიშანია და არა სამართლებრივი სტატუსი, შესაბამისად, ის მოქალაქეობისგან განსხვავდება. ზოგიერთი შეფასებით, რუსული ეროვნების ესტონურით შეცვლის მსურველთა ზრდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგია, რომელიც თითქმის ხუთი წლის წინ დაიწყო.
ამ ცვლილების განხორციელება ინტერნეტით, მოსახლეობის ელექტრონული რეესტრის მეშვეობით არის შესაძლებელი.
„მაალეჰტის“ ინფორმაციით, ეროვნებას ყველაზე ხშირად 17 წლის ასაკში, სრულწლოვანების მიჯნაზე იცვლიან.
ამ ნაბიჯის გადადგმისას, მოქალაქეებს მიზეზის დასახელება არ მოეთხოვებათ. სწორედ ამიტომ, ესტონეთის სტატისტიკის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ არ შეუძლიათ იმის თქმა, რა უბიძგებს ადამიანებს ეროვნების შეცვლისკენ.
ესტონეთის სტატისტიკის დეპარტამენტის მოსახლეობისა და განათლების სტატისტიკის განყოფილების ხელმძღვანელის, კადრი როოტალუს თქმით, 2025 წელს ჰარიუმაას მაზრას, რუსული ეროვნების „ხარჯზე“, თითქმის 3 000 ესტონელი „შეემატა“, იდა-ვირუმაას მაზრას კი – თითქმის 800.
ბოლო 5 წლის განმავლობაში, ეროვნება, ამ გზით, სულ 27 934-მა ადამიანმა შეიცვალა, თუმცა პროცესი საპირისპირო მიმართულებითაც მიმდინარეობს – გასულ წელს 1 060-მა პირმა, რომელსაც ეროვნებად ესტონელი ჰქონდა მითითებული, რეესტრში ის რუსით შეცვალა.

ეროვნების ელექტრონული რეესტრი / rahvastikuregister.ee
ესტონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსახლეობის აღრიცხვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ენელ პუნგასი ადასტურებს, რომ ეროვნების განსაზღვრა პირადი არჩევანის საკითხია და დასძენს, რომ მოქალაქეებს ამ მონაცემის ინტერნეტით დაფიქსირება 2005 წლიდან შეუძლიათ.
ტალინის უნივერსიტეტის პროფესორის, რაივო ვეტიკის თქმით, ეროვნების ფორმალური შეცვლა იდენტობის ავტომატურად შეცვლას არ ნიშნავს; მისი განმარტებით, მთავარი კითხვა ის არის, ნამდვილად „გრძნობენ თუ არა ეს ადამიანები თავს ესტონელებად“, თუ რუსობას წინსვლისთვის დამაბრკოლებელ გარემოებად მიიჩნევენ.
2025 წელს, მოქალაქეობის არმქონე (პირები, რომლებიც არც ესტონეთის და არც რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქეები არ არიან – რედ.) 1 991 მცხოვრებს შორის ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მათგან მხოლოდ 21 პროცენტი მიიჩნევს თავს რუსად, მაშინ როცა 44 პროცენტი უპირატესობას „რუსულენოვან ესტონელობას“ ანიჭებს, 18 პროცენტი კი – „ესტონელ რუსობას“. ეს დემოგრაფიული ჯგუფი – ე.წ. „ნაცრისფერი პასპორტის“ მფლობელები – უმეტესად რუსულენოვანია.
ტარტუს უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორის, ენე-მარგიტ ტიიტის აზრით, ესტონელად გახდომა იმის დემონსტრირებაა, რომ ესტონელობა, გარკვეულწილად, პრესტიჟულია. მისივე თქმით, ეს პროცესი მისასალმებელია, თუკი ის ინტეგრაციას უწყობს ხელს.
ნარვის ესტონური გიმნაზიის დირექტორმა, ირენე კეოსაარმა, რომელიც დიდწილად რუსულენოვან სასაზღვრო ქალაქში არსებულ ესტონურენოვან სკოლას ხელმძღვანელობს, ყოველკვირეულ გამოცემას განუცხადა, რომ ზოგი ეროვნებას წმინდა პრაგმატული მოსაზრებებით იცვლის, ზოგი კი – შინაგანი რწმენით; მისი აზრით, რაც უფრო მეტი ადამიანი იგრძნობს თავს ამ კულტურული სივრცის ნაწილად, მით უფრო ძლიერი იქნება ქვეყანა.
ნარვის ყოფილი მერისა და შინაგან საქმეთა ექსმინისტრის, კატრი რაიკის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ადამიანებმა ხაზგასმით დაიწყეს იმის მითითება, რომ ისინი „რუსულენოვანი ესტონელები“ არიან, რადგან რუსულ ეთნოსთან თავის მიკუთვნება ლამის ომის გამჩაღებელ რუსულ რეჟიმთან კავშირზე მიანიშნებდა.
ესტონეთის კონსერვატიული სახალხო პარტიის (EKRE) დეპუტატმა და ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარტ ჰელმემ ეროვნების საკითხი ცოტა ხნის წინ პარლამენტში (რიიგიკოგუ) წამოჭრა. ის, იდა-ვირუმაას მაზრის საკრებულოს დეპუტატებისა და საჯარო დაწესებულებების ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამტკიცებს, რომ საგრძნობლად გაიზარდა იმ ეთნიკური რუსების რიცხვი, რომლებიც სახელებსა და რეგისტრირებულ ეროვნებას ესტონურით იცვლიან; ჰელმე დაინტერესდა, აგროვებს თუ არა სამინისტრო შესაბამის სტატისტიკას და ფლობს თუ არა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ იცვლის ეთნიკურ კუთვნილებას.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ ტარომ („ეესტი 200“) განაცხადა, რომ უსაფრთხოების რისკები უშუალოდ არ უკავშირდება იმას, თუ როგორ განსაზღვრავს ვინმე თავის ეროვნებას. მინისტრის განმარტებით, მისი უწყება ცალკე სტატისტიკას არ აწარმოებს, რადგან ეს საკითხი აქამდე პრობლემად არ შეფასებულა, არსებული ტენდენცია კი უფრო მეტად ინტეგრაციის სურვილზე მიუთითებს.
პარტია EKRE-ს დეპუტატის, არვო ალერის მიერ მოყვანილი ესტონეთის სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, იდა-ვირუმაას მაზრის მოსახლეობაში ეთნიკური ესტონელების წილი 2022 წელს არსებული 18,5 პროცენტიდან 20,9 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც რეგისტრირებული ეროვნება რუსობიდან ესტონელობაზე „გადაცვალა“, საპირისპირო შემთხვევებს ხუთჯერ აღემატება.