გასულ თვეში კონგოში ეთნიკური შეტაკებების შედეგად 900 ადამიანი მოკლეს
გასულ თვეში კონგოში ეთნიკური შეტაკებების შედეგად 900 ადამიანი მოკლეს

გასულ თვეში კონგოში ეთნიკური შეტაკებების შედეგად 900 ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ გაერო იუწყება.

საერთაშორისო ოგრანიზაციის ცნობით, დაპირისპირებები აფრიკული სახელმწიფოს დასავლეთ ნაწილში, ძირითადად ოთხ სოფელში მოხდა. გაერო-ს მიერ მოპოვებული ცნობების თანახმად, დაპირისპირებების შედეგად 100-მდე ადამიანი დაშავდა, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები იუწყებიან, რომ დაშავებულების რიცხვი სავარაუდოდ, გაცილებით დიდია.

BBC-ის ცნობით, ორ ტომს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბანუნუს ხალხმა საკუთარი ტომის ერთ-ერთი ბელადის დასაფლავება ბატენდეს ხალხის მიწაზე გადაწყვიტა.

ბანუნუსა და ბატენდეს ხალხს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი იძულებული გახდა, მშობლიური სახლები დაეტოვებინა.
არეულობის დროს რეგიონში 30 დეკემბერს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნებიც გადაიდო.

გაერო-ს ინფორმაციით, დაპირისპირებები ძირითადად სამი დღის განმავლობაში, 16-დან 18 დეკემბრის ჩათვლით გრძელდებოდა.

როგორც საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია იუწყება, ეთნიკური დაპირისპირების შედეგად რეგიონში 500-მდე საცხოვრებელი სახლი და შენობა დაიწვა. მათ შორის არის სამედიცინო დაწესებულებები, სკოლები, მაღაზიები და ქვეყნის საარჩევნო კომისიის შენობა.

კონგოში მომხდარ ეთნიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გაერო-მ გამოძიება უკვე დაიწყო.