გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 108 დრონით შეუტია, რუსეთის მიმართულებით იერიშები განახორციელა უკრაინამაც
დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოსკოვში ვიზიტსა და კიევში დაგეგმილი ვიზიტების ფონზე, მაშინ, როდესაც ორივე ქვეყნის ლიდერი ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტაზე შეთანხმდა, რუსეთსა და უკრაინას შორის საომარი მოქმედებები გრძელდება.
უკრაინული მედიის ცნობით, 6 სექტემბრის ღამეს, რუსეთმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 108 დრონით შეუტია. მათივე ცნობით, საჰაერო დარტყმები 11 მიმართულებით განხორციელდა.
უკრაინული მედიის ცნობით, ხერსონის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსული დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი. მათივე ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა რეგიონის დასახლებულ ტერიტორიებს თვითმფრინავების, დრონებისა და არტილერიის გამოყენებით შეუტიეს.
უკრაინული მედია წერს, რომ რუსულმა ძალებმა მიზანში ამოიღეს კრიტიკული, სატრანსპორტო და სოციალური ინფრასტრუქტურა, ასევე საცხოვრებელი ტერიტორიები. ამასთან, რუსეთის არმიამ ნიკოლაევის რეგიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას შეუტია, რის შედეგადაც ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი დაიღუპა.
გასულ ღამეს რუსეთის მიმართულებით იერიშები განახორციელა უკრაინამაც. რუსული მედიის ცნობით, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა მოხდა.
რიაზანის ოლქის გუბერნატორის თქმით, ერთ-ერთ საწარმოში ხანძარი გაჩნდა. უკრაინული მედია წერს, რომ რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „როსნეფტის“ შემადგენლობაში შედის და რუსეთში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. მისი სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 17 მილიონი ტონა ნავთობია.