გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ჩეხეთში რეგულაციები გამკაცრდა
გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ჩეხეთში რეგულაციები გამკაცრდა

„კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების ზრდის გამო, ჩეხეთში სკოლები, რესტორნები და ბარები დაიხურა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ოქტომბრის დასაწყისიდან ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა, ჩეხეთში ყოველდღიურად „კოვიდ-19“-ის 2 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის განცხადებით, მთავრობა ცდილობს, მკაცრი კარანტინი თავიდან აირიდოს, რადგან ეს ეკონომიკისთვის დამანგრეველი იქნება. თუმცა ოთხშაბათიდან ქვეყანაში ახალი რეგულაციები ამოქმედდება. აიკრძალება ექვსზე მეტი ადამიანის შეკრება, ასევე საჯარო სივრცეებში ალკოჰოლის მიღება, აუცილებელი გახდება პირბადის ტარება, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზეც. სკოლები პირველი ნოემბრამდე ონლაინსწავლების რეჟიმზე გადავლენ.

„კოვიდ-19“-ის გავრცელების კუთხით, ევროპაში ყველაზე რთული მდგომარეობა სწორედ ჩეხეთშია. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 121 421 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 1 051 ადამიანი.