ვოლოდიმირ ზელენსკი – ომის დასრულება ევროპის მონაწილეობის გარეშე უსამართლო და, გულწრფელად რომ ვთქვა, შეუძლებელიც იქნება

01:29, 12.11.2026

ომის დასრულება ევროპის მონაწილეობის გარეშე უსამართლო და, გულწრფელად რომ ვთქვა, შეუძლებელიც იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა განისაზღვროს, ვინ წარმოადგენს ევროპას და რომელი კონკრეტული ევროპელი ლიდერები ისაუბრებენ ევროპის სახელით.

„უნდა შევარჩიოთ, ვინ წარმოადგენს ევროპას. უნდა განვსაზღვროთ კონკრეტული ევროპელი ლიდერები, რომლებიც ევროპის სახელით ისაუბრებენ. ეს ნოემბერში უნდა გავაკეთოთ, რადგან, ჩემი აზრით, მოლაპარაკებები გაგრძელდება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამერიკული მხარე ძალიან ხშირად აყენებს დონბასის საკითხს, რომელიც, მისი თქმით, უკრაინის ტერიტორიის ნაწილია.

„მათი აზრით, ამ ომის შესაჩერებლად ჩვენ საკუთარ ტერიტორიაზე უარი უნდა ვთქვათ. იცით, დამოუკიდებელ ქვეყანასთან ასე საუბარი შეუძლებელია. ამიტომ ისინი ამ მიდგომის რაიმე სახით შეცვლილ ვარიანტს ეძებენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს ტყვეების გაცვლის პროცესის გამო და იმედოვნებს, რომ, რაც შეიძლება მეტი უკრაინელი ტყვე დაბრუნდება სამშობლოში.

„თუ რუსეთსა და უკრაინაში 5 000-ზე მეტი ტყვეა, რა უშლის ხელს მათ გაცვლას? რატომ უნდა გავაგრძელოთ ამ ადამიანებისთვის ციხეში ყოფნის ეს საშინელი ყოფა? ვერ ვხვდები. ლოგიკური პასუხები არ არსებობს, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ, რაც შეიძლება მეტი ჩვენი მოქალაქის დაბრუნებას შევძლებთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, რომ მობილიზაციის ასაკის მოქალაქეები, რომლებმაც უკრაინა დატოვეს, სამშობლოში დაბრუნდნენ.

„მსურს, რომ ადამიანები, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს და მობილიზაციის ასაკში არიან, უკრაინაში იყვნენ. რა თქმა უნდა, ძალიან გვინდა, რომ ისინი დაბრუნდნენ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს ძალიან რთული საკითხია, რადგან არსებობს მრავალი განსხვავებული გარემოება, რომელთა გამოც ადამიანებმა ქვეყანა დატოვეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი